მამუკა ბახტაძე - 2019-2020 წლებში დევნილებისთვის ბინათმშენებლობის ბიუჯეტი იქნება 250 მილიონი ლარი და მისი მოცულობა ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს
მამუკა ბახტაძე - 2019-2020 წლებში დევნილებისთვის ბინათმშენებლობის ბიუჯეტი იქნება 250 მილიონი ლარი და მისი მოცულობა ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს

ეკონომიკის განვითარების პარალელურად, ვიდრე სიღარიბე სრულად იქნება დაძლეული, აუცილებელია უზრუნველვყოთ, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს აღნიშნული განვითარების მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, ამიტომ, აუცილებელია, მაქსიმალური ყურადღება მიექცეს მოსახლეობის იმ ფენებს, რომლებიც არ არიან ჩართული ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში და სჭირდებათ მაქსიმალური მხარდაჭერა. ამისათვის საჭიროა:

„2019-2020 წლებში დევნილებისთვის ბინათმშენებლობის ბიუჯეტი იქნება 250 მილიონი ლარი და ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს მისი მოცულობა. ამის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია, მოხდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა შემოსავლის წყაროთი უზრუნველყოფა, რათა არ იყვნენ დამოკიდებულნი სოციალურ შემწეობაზე; 2020 წელს პენსიების ზრდა და მისი შემდგომი ინდექსაცია, რაც იქნება პენსიების ყოველწლიური ზრდის გარანტი;

მედიკამენტების პროგრამა − ვინაიდან ქვეყანაში წამალზე გაწეული ხარჯები მთლიანად ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების თითქმის ნახევარია, ჩვენ დავიწყეთ და ეტაპობრივად უნდა განვითარდეს ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის სისტემა. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც ათეულობით ათას ადამიანს მოუტანა შვება, თუმცა ბევრისთვის ისევ რჩებოდა მაღალ ფინანსურ ბარიერად, 2019 წლის აგვისტოში გაფართოვდა აღნიშნული პროგრამა, რითაც სიმბოლურ ფასად − ერთ ლარად უმეტესი ქრონიკული დაავადების სამკურნალო წამლებზე მიეცა წვდომა არა მარტო სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, არამედ ასაკით პენსიონერებს, ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ვეტერანებსა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას;

ბავშვების სოციალური უზრუნველყოფის სისტემის განვითარება − 2019 წელს სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება ხუთჯერ გავზარდეთ, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი, ჩვენი ბავშვების 25 პროცენტი ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბეში და ეს არის დიდი ტრაგედია. შესაბამისად, აუცილებელია სხვა მხარდამჭერი მასშტაბური პროექტების განხორციელება [მაგალითისთვის, საინტერესოდ მეჩვენება ამერიკული გამოცდილება Food Bank -ის სახით (კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა)]“, – წერს მამუკა ბახტაძე.

მამუკა ბახტაძე დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ თანამდებობას ტოვებს.