მამუკა არეშიძე - ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ შეცდომა დაუშვა, როცა იმ ხალხის გვერდით დადგა, რომელსაც ებრძოდა
მამუკა არეშიძე - ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ შეცდომა დაუშვა, როცა იმ ხალხის გვერდით დადგა, რომელსაც ებრძოდა

ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ შეცდომა დაუშვა, როცა იმ ხალხის გვერდით დადგა, რომელსაც ებრძოდა, – ამის შესახებ ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ისინი ამბობენ, რომ ეს თემატური კავშირია და ხვალ ყველაფერი ისევ შეიცვლებაო. მე მესმის ეს ყველაფერი. მეორე საკითხია, მისაღებია თუ არა. საქმეში ჩახედული ადამიანებისთვის ეს გასაგებია, მაგრამ საზოგადოების გადამწყვეტი უმრავლესობისთვის ეს მისაღები არ არის“, – განაცხადა არეშიძემ.

როგორც არეშიძემ აღნიშნა, ხედავს იმის ნიშნებს, რომ ოპოზიცია მოვლენების ასეთ განვითარებას ელოდა და მომზადებული იყო.

„ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, ისინი მომზადებული იყვნენ. ამიტომ მგონია, რომ გარკვეულწილად, მთელ ამ პროცესში ოპოზიციის მხრიდან ვიღაცის ხელი ურევია. ყოველ შემთხვევაში, ნამუშევარია. ძალიან სწრაფად მოხდა მობილიზება, ინფრასტრუქტურის შექმნა და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ხალხი მომზადებული იყო. მომზადებიდან გამომდინარე კი იმას ნიშნავს, რომ რაღაც ჩანაფიქრი ბუნებრივია, არის“, – განაცხადა არეშიძემ.

მისი თქმით, გასაკვირია ის ფაქტი, რომ ოპოზიციის ყველაზე რადიკალური ნაწილი გერმანულ მოდელს დათანხმდა.

„ეს გარკვეულწილად, შუალედური მოთხოვნაა და შეიძლება, ზოგიერთი ოპოზიციური ძალის მხრიდან გარკვეულ კომპრომისადაც კი ჩაითვალოს. ეს ინიციატივა ნამდვილად არ არის არც „ევროპული საქართველოს“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“. როგორც ჩანს, ეს უფრო ზომიერი ოპოზიციური სპექტრის ინიციატივაა“, – განაცხადა არეშიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დათანხმდება თუ არა „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მოთხოვნებს და როგორია მისი მოლოდინი, ექსპერტმა განაცხადა, რომ თუ მმართველმა პარტიამ გარკვეული ნაბიჯები არ გადადგა, 23 ნოემბრის ჩათვლით მუხტი მაქსიმალურად მოიმატებს.

„ეს საბოლოო ჯამში, რაღაც ნიშნულზე, თამასის მაღლა აწევაზე გავა. ვნახოთ, თამასის მაღლა აწევის შემდეგ რა მოქმედებებზე წავა ოპოზიცია და რა საპასუხო მოქმედებები ექნება. ფიზიკურ მოქმედებებს ვგულისხმობ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიციაში ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებებია მიღებული. წარმოიდგინეთ, პრაქტიკულად, დიდი ქალაქების კოლაფსი რომ მოახდინონ. შეუძლიათ თუ არა ამის გაკეთება? როგორც ჩანს, თბილისის დონეზე ამის რესურსს გამონახავენ. ასეთი ტიპის ღონისძიებებში ძალიან დიდი ფული იხარჯება. ერთადერთი ხელისშემშლელი გარემოება კლიმატური პირობებია“, – განაცხადა არეშიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა ოპოზიციას ამის რესურსი საზოგადოების განწყობებიდან გამომდინარე, მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ „ვარდების რევოლუციის“ დროს აქტივში იმ რაოდენობის ხალხი არ იყო, რომელსაც სერიოზული გარდატეხის მოხდენა შეუძლია, მაგრამ საზოგადოებას ახსოვს, როგორ განვითარდა მოვლენები.

„ას-ორას და მით უმეტეს, ათას ადამიანს ყოველთვის შეუძლია, ძალიან სერიოზული პრობლემა შექმნას. ბოლოს და ბოლოს, ისტორიული მაგალითი გვაქვს. ბოლშევიკები არავინ არ იყვნენ, მაგრამ ამხელა იმპერიის ხელში ჩაგდება მოახერხეს. ადამიანებს, რომლებიც იდეის თვალსაზრისით გარკვეული ენერგეტიკის მატარებლები არიან, შეუძლიათ, გარკვეული პრობლემები შექმნან. ასეთი ადამიანები კი აქტივის სახით ნამდვილად ჰყავთ ამ ოპოზიციურ ძალებს. ეს დაიწყო კიდევაც. დღეს რეგიონებში გამართული აქციები შეიძლება, მრავალრიცხოვანი არ იყო, მაგრამ ძალიან აგრესიული და ენერგიული იყო“, – განაცხადა არეშიძემ.