მამარდაშვილზე „ვალენსია“ „დინამოს“ შეუთანხმდა - ყველაფერი უახლოეს დღეებში დასრულდება #1TVSPORT
მამარდაშვილზე „ვალენსია“ „დინამოს“ შეუთანხმდა - ყველაფერი უახლოეს დღეებში დასრულდება #1TVSPORT

ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ (ამჟამად Sky Sports-ში მუშაობს) საკუთარ ინტერნეტ-პორტალზე გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც „ვალენსიაში“ ქართველი მეკარის შესაძლო გადასვლაზე საინტერესო დეტალები დაასახელა.

„ახალგაზრდა ქართველი მეკარე შეიძლება ესპანეთში გადავიდეს: „ვალენსია“ ქართულ გუნდს სთავაზობს იჯარას, შემდგომში მისი გამოსყიდვის პერსპექტივით. ბოლო დროს ქართველ ტალანტებზე მოთხოვნილება მზარდია. თუ იტალიაში კვარაცხელიას სახელი უკვე ცნობილია, არიან სხვა მოთამაშეებიც, რომლებიც მზად არიან ევროპაში ჩამოვიდნენ. ეს ეხება გიორგი მამარდაშვილს – თბილისის „ლოკომოტივის“ ძალიან ახალგაზრდა მეკარეს, სადაც იჯარით „დინამო თბილისმა“ გაუშვა“, – წერს ჯანლუკა დი მარციო.

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი მოლაპარაკების დეტალებზეც წერს.

„2000 წელს დაბადებული კიპერის ტრანსფერის მფლობელმა „დინამომ“ რეალურად მიიღო იჯარის შეთავაზება, რაც გამოსყიდვის უფლებას გულისხმობს. მთლიანად ტრანსფერის ღირებულება, ყველა ტრანზაქციის და პრემიების გათვალისწინებით, მილიონ ევროს მიაღწევს. კლუბებს შორის კონტაქტები მენეჯერმა ლევან სეთურიძემ წამოიწყო. „დინამოსთან“ მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება“.

ესპანური გამოცემა plazadeportiva-ც ასევე ამტკიცებს, რომ მამარდაშვილის საკითხზე გარიგება დასასრულს უახლოვდება.

„მოლაპარაკება გასულ კვირას უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბოლო წუთს საქართველოში ესპანელთა წარმომადგენლის გამგზავრება COVID-19-ის პრობლემამ შეაჩერა. ესპანელთა მიზანი ქართულ კლუბთან საბოლოო შეთანხმების მიღწევაა. წინასწარი მონაცემებით, „დინამო თბილისის“ ხელმძღვანელობამ გარიგებაზე თანხმობა განაცხადა და მოლაპარაკება უახლოეს დღეებში დასრულდება“.

ესპანური გამოცემის ცნობით, მამარდაშვილის ტრანსფერზე „ვალენსიას“ სამწვრთნელო და ტექნიკური სტაფი მსჯელობდა.

„საქართველოს ნაკრების მეკარესთან ხელშეკრულების ხელმოწერით, „მესტალია“ სამომავლოდ აპირებს ისარგებლოს იმითაც, რომ მამარდაშვილს სატრანსფერო ბაზარზე კარგი შესაძლებლობა გააჩნია. გუნდის აკადემიის მწვრთნელები, მარკო ოტერო და ლუის მარტინესი, მეკარესთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე თვეა დადებითად გამოხმაურებას იღებენ, ხოლო მიგელ ანხელ კორონამ ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა. ხელმოწერა აკადემიისა და ტექნიკური სტაფის შეთანხმების საფუძველზე განხორციელდება“.