მამარდაშვილს თანაგუნდელმა გაუტანა - „ვალენსია“ „რეალ სოსიედადს“ დაუზავდა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა. „ვალენსია“ სტუმრად „რეალ სოსიედადს“ დაუზავდა – 1:1.

გიორგი „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. 21 წლის ქართველ მეკარეს საქმე მთელი თამაშის განმავლობაში არ მოჰკლებია, მამარდაშვილმა მეტოქის რამდენიმე დარტყმული მოიგერია, მაგრამ რაც „სოსიედადის“ მოთამშეებმა ვერ შეძლეს, მისმა გუნდელმა მოახერხა – შეხვედრის მე-10 წუთზე, ასიერ ილარამენდის დარტყმის შემდეგ, უგო გილამონმა ბურთი მამარდაშვილის კარში ჩაჭრა.

გოლის შემდეგ მალევე „სოსიედადი“ კაცნაკლული დარჩა. სამუელ ლინოსთან უხეშობის გამო, არბიტრმა ელუსტონდოს წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. რიცხვობრივი უპირატესობით „ვალენსიამ“ ისარგებლა და სამეულ ლინომ 25-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა – „ვალენსიამ“ 13 ტურის შემდეგ 16 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.