მამარდაშვილს „იუვენტუსი“ აკვირდება - გიორგის მენეჯერი გრანდების ინტერესზე საუბრობს #1TVSPORT
მამარდაშვილს „იუვენტუსი“ აკვირდება - გიორგის მენეჯერი გრანდების ინტერესზე საუბრობს #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილს, რომელიც „ვალენსიაში“ ბრწყინავს, „იუვენტუსი“ და სხვა ევროპული გრანდები აკვირდებიან, – ამის შესახებ „კალჩომერკატოსთან“ ექსკლუზიური ინტერვიუში ფეხბურთელის აგენტმა, ლევან სეთურიძემ ილაპარაკა.

გამოცემის ცნობით, სამშაბათს საღამოს „რამონ სანჩეს პისხუანზე“ „სევილია“-„ვალენსიას“ მატჩს „იუვენტუსის“ წარმომადგენელი ესწრებოდა.

„ისინი რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდებოდნენ, მაგრამ იტალიური კლუბის ყურადღება ერთმა მიიპყრო – „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა. 2000 წელს დაბადებულმა ქართველმა რამდენიმე ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო. მათ შორისაა „იუვენტუსი“, „ბაიერნი“ და „აიაქსი“, ასევე პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბი. გასულ სექტემბერში მამარდაშვილმა „ვალენსიასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო გახდა. ესპანელების დაყოლიება არ იქნება ადვილი საქმე და 50 მილიონ ევრომდე დასჭირდება. იტალიაში ქართველომანიამნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას სანახაობრივი თამაშის წყალობით იფეთქა და კვარას ეფექტის გამო, ქართველი მეკარის კანდიდატურა ახლა უფრო დიდ „ხმაურს” იწვევს“, – წერს „კალჩომერკატო“.

გამოცემამ გამოაქვეყნა ინტერვიუ სააგენტო Free Foorball-ის თანადამფუძნებელთან და მამარდაშვილის აგენტთან, ლევან სეთურიძესთან.

„გიორგი აღფრთოვანებულია სეზონის კარგი დასაწყისით, ასევე კონტრაქტის 2027 წლამდე გახანგრძლივებით. ბევრი შრომის შემდეგ, ჩემს პარტნიორ სტეფანო კასტანიასთან ერთად მოვახერხეთ „ვალენსიასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ხელშეკრულების დადება. გატუზო? მას მამარდაშვილის ძალიან სჯერა და ამიტომ არის „ვალენსიას“ პირველი მეკარე. მათ შორის ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობაა. გიორგის ბევრი მნიშვნელოვანი გუნდი აკვირდება – არამარტო იტალიის, არამედ ინგლისის გუნდებიც, მაგრამ ამჟამად ჩვენი მიზანი „ვალენსიაში“ პოზიციის გამყარებაა და მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს. თუმცა, 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამ დროისთვის ის „ვალენსიას“ პირველი მეკარეა.

მამარდაშვილი და კვარაცხელია ძალიან ძლიერი მოთამაშეები არიან და მათ აქვთ პოტენციალი, ფეხბურთში თავიანთი კვალი დატოვონ. მამარდაშვილი არ არის მინდვრის მოთამაშე, მაგრამ ვიცით, მეკარის თამაშს იტალიაში რამდენად დიდი ყურადღება ექცევა. განსაკუთრებით გუნდში, რომლის კარსაც ისეთი მეკარეები იცავდნენ, როგორებიც არიან დინო ძოფი და ჯანლუიჯი ბუფონი. მამარდაშვილის მიმართ ინტერესი დამატებითი მოტივაციაა. ვფიქრობ, რომ პროგრესის გათვალისწინებით და ხასიათიდან გამომდინარე, გიორგის ნებისმიერ დონეზე შეუძლია თამაში. იტალიაში გამოსვლა ნებისმიერი მეკარისთვის გამოწვევაა და ვფიქრობ, მამარდაშვილს შეუძლია კვალი ნებისმიერ გუნდში დატოვოს. „იუვენტუსის“ ისტორია ამაზე მეტყველებს“, – აცხადებს ლევან სეთურიძე.