მამარდაშვილს „დორტმუნდთან“ საიმედო თამაში დაუფასეს - დაამტკიცა, რომ „ვალენსიას“ შესანიშნავი შენაძენია #1TVSPORT
მამარდაშვილს „დორტმუნდთან“ საიმედო თამაში დაუფასეს - დაამტკიცა, რომ „ვალენსიას“ შესანიშნავი შენაძენია #1TVSPORT

ესპანურმა მედიამ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ავსტრიაში გამართულ შეხვედრაში „ვალენსიას“ და გიორგი მამარდაშვილის თამაში შეაფასა. საერთო აზრია, რომ 21 წლის ქართველი მეკარე გერმანულ გრანდთან დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით, „ვალენსიამ“ წინასასეზონო ამხანაგური მატჩების სერია დაიწყო. იტალიელმა მწვრთნელმა გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში დააყენა, „ღამურებმა“ კი პირველივე მატჩში გამარჯვება მოიპოვეს 3:1.

ელდესმარკი

„დორტმუნდის „ბორუსია“ მწვავედ უტევდა და როისმა მალევე გამოსცადა გიორგი მამარდაშვილის რეფლექსები. ცოტა ხნის შემდეგ, გერმანელებს ისევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ კარში კედელივით იდგა მამარდაშვილი, რომელიც „ვალენსიას“ კარს საიმედოდ აზღვევდა.“

ონდაცერო

„გერმანელებს შეეძლოთ გაეტანათ, როდესაც როისმა ძელს მოარტყა ბურთი, აზარმა კი მამარდაშვილის საიმედოობა გამოსცადა. ქართველმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „ვალენსიას“ შესანიშნავი შენაძენია, თანაც ძალიან იაფად აყვანილი. გერმანელებმა 37-ე წუთზე ისევ სცადეს გატანა. ბელინგემის თავური დარტყმის შემდეგ მამარდაშვილი ისევ გამოცდის წინაშე დადგა და ამჯერადაც საიმედო იყო.“