მამარდაშვილს „ბარსელონამ“ პენალტი ვერ გაუტანა - „ვალენსია“ კაცნაკლულ კატალონიელებთან დამარცხდა #1TVSPORT
მამარდაშვილს „ბარსელონამ“ პენალტი ვერ გაუტანა - „ვალენსია“ კაცნაკლულ კატალონიელებთან დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ლა ლიგის 24-ე ტურში გათამაშების ლიდერს, „ბარსელონას“ „ნოუ კამპზე“ ესტუმრა და  1:0 დამარცხდა.

„ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერთან დიდ უპირატესობას ფლობდა და მე-15 წუთზე დაწინაურდა. სერხიო ბუსკეტსის გადაცემის შემდეგ მცველებმა რაფინია უყურადღებოდ დატოვეს, ქართველმა მეკარემაც იჩქარა კარიდან გამოსვლა და კატალონიელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა თავით ზუსტად დაარტყა – 1:0.

კატალონიელები ბევრს და მწვავედ უტევდნენ, მამარდაშვილსაც საქმე არ აკლდა – მე-18 წუთზე ანსუ ფატის დარტყმას გადაეღობა, ხოლო 32-ე წუთზე ფერან ტორესის გასროლაზე კარგი რეაგირებით „ვალენსია“ გოლს გადაარჩინა.

55-ე წუთზე „ბარსელონამ“ პენალტი მოიპოვა, მაგრამ ფერან ტორესმა უპირატესობის გაზრდის შანსი გაანიავა – ბურთი ძელს მოარტყა. ოთხ წუთში კი „ბარსელონა“ კაცნაკლული დარჩა – რონალდ არაუხო მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის პირდაპირ წითელი ბარათით გააძევა.

„ვალენსიამ“ უპირატესობით ვერ ისარგებლა, „ბარსელონამ“ მორიგი გამარჯვებით 62 ქულა დააგროვა და ლა ლიგაში ლიდერობა განიმტკიცა, „ვალენსია“ კი 23 ქულით ისევ ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე 14 ტურით ადრე გავარდნის რეალური კანდიდატია.