მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა - ის პირველი ქართველია, ვინც ამ გუნდში ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა - ის პირველი ქართველია, ვინც ამ გუნდში ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

„ვალენსიას“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა გიორგი მამარდაშვილის ფოტო, რომელიც გუნდში სადებიუტო თამაშის დროსაა გადაღებული.

„საქართველო ჩვენს სახლში! გიორგი მამარდაშვილი პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც „ვალენსიაში“ ითამაშა,“ – ასეთი პოსტით გამოეხმაურა ესპანური გუნდი 20 წლის მამარდაშვილის სადებიუტო შეხვედრას.

დიდი ტრადიციების მქონე ლა ლიგის გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე მეორე შეხვედრა ბერძნულ „ატრომიტოსთან“ ჩაატარა და 3:0 გაიმარჯვა. გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოებში იყო, მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და კარი მანაც მშრალად შეინახა.

 

ეს ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო ამბავი იყო, რადგან ამ მატჩში „ვალენსიას“ ფორმა კიდევ 3-მა ახალწვეულმა მოირგო, მაგრამ მათზე ცალკე პოსტი არ მიუძღვნიათ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მამარდაშვილი გუნდში მესამე-მეოთხე მეკარედ მიიყვანეს, მაგრამ ამ მატჩში ის დააყენეს.

„ვალენსია“ ბერძნული სუპერლიგის გუნდთან მანუ ვალეხოს (13) და ჯეისონ რემესეიროს (20) გოლებით პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, ხოლო 89-ე წუთზე საბოლოო ანგარიში პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა გონსალუ გედეშმა დააფიქსირა.