მამარდაშვილმა ისევ დაისვენა - „ვალენსიამ“ შინ „ალავესიც“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ლა ლიგაში „ალავესს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა, ისიც ბოლო წამებზე გატანილი გოლის წყალობით – 2:2.
საქართველოს ნაკრების მეკარე ტრავმის შემდეგ მომჯობინდა და ვარჯიშიც დაიწყო, მაგრამ ჯერ სათამაშოდ მზად არ იყო და სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა. კარში ჩრდილომაკედონიელი სტოლე დიმიტრიევსკი იდგა.
სტუმრები მე-7 წუთზე მარტინიმ დააწინაურა. მართალია, ვალენსიელმა რიოხამ (70 წუთი) წონასწორობა აღადგინა, მაგრამ „ალავესი“ ჟოან ხორდანის (88 წუთი) გოლით ისევ წინ გავიდა. თუმცა, დანი გომესმა (90+2) „ვალენსიას“ ქულა მაინც გადაურჩინა.
თუმცა, აუტსაიდერი „ვალენსიასთვის“ ეს ქულა შვებად ვერ გამოდგება – ლა ლიგაში ზედიზედ მეხუთე ტურია ვერ იგებს და 18 ტურის შემდეგ ქართველი მეკარის გუნდი 12 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.
ამით „ვალენსიამ“ წელი დაასრულა – ახალ წელს პირველ შეხვედრას კი 3 იანვარს გამართავს და „მესტალიაზე“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.