მამარდაშვილმა „ესპანიოლთან“ ითამაშა - „ვალენსიამ“ თამაში ბოლო წამებზე გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა მორიგი თამაში ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში, რომელშიც „ვალენსია“ ბარსელონაში „ესპანიოლთან“ მატჩის ბოლო წამებზე გადარჩა 2:2.

ლა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრა „ვალენსიამ“ გასვლაზე ჩაატარა. დასაწყისში საკმაოდ აქტიურ თამაშში ქართველ მეკარეს საქმე და დაძაბულობა არ აკლდა. მან მარტინ ბრაიტვაიტის ძლიერი დარტყმა მოიგერია და გუნდი გადაარჩინა.

მთავარი მოვლენები მეორე ნახევარში მოხდა. 53-ე წუთზე „ვალენსიამ“ კუთხური შეასრულა და გაბრიელ პაულისტას ეფექტური თავური დარტყმით გაიტანა – სტუმრები დაწინაურდნენ. მაგრამ სამ წუთში „ესპანიოლის“ თავდამსხმელმა ხოსელუმ წონასწორობა აღადგინა.

მატჩის 83-ე წუთზე „ესპანიოლის“ კაპიტანმა სერხი დარდერმა მამარდაშვილის კარი მეორედ აიღო და მასპინძლებს 3 ქულის მოპოვების რეალური შანსი მიეცათ, მაგრამ 96-ე წუთზე ორეი კომერტმა წონასწორობა აღადგინა და „ვალენსიამ“ მიმდინარე სეზონში მატჩი ფრედ პირველად დაასრულა.

7 ტურის შემდეგ მამარდაშვილის „ვალენსიამ“ 10 ქულა დააგროვა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზეა.