მამარდაშვილმა „დორტმუნდთანაც“ კარგად ითამაშა - „ვალენსიამ“ გერმანული კლუბი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილმა და „ვალენსიამ“ წინასასეზონო ამხანაგური მატჩების სერია დაიწყეს. პირველი მატჩი ესპანელებმა დორტმუნდის „ბორუსიასთან“ავსტრიაში გამართეს და პირველი გამარჯვებაც მოიპოვეს.

ჯენარო გატუზომ გუნდის ზაფხულის შეკრება შვეიცარიაში დაიწყო და მზადების პერიოდში ფეხბურთელების ხილვის პირველი შესაძლებლობა გერმანულ გრანდთან მიეცა. იტალიელმა მწვრთნელმა გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

გერმანიის ბუნდესლიგის ერთ-ერთმა უძლიერესმა გუნდმა გასულ სეზონში ბუნდესლიგაში მეორე ადგილი დაიკავა. გუნდი ესპანელებთან მოედანზე ისეთი ვარსკვლავებით გავიდა, როგორებიც არიან მატს ჰუმელსი და მარკო როისი.

საქართველოს ნაკრების მეკარემ პირველ ტაიმში კარი „მშრალად“ შეინახა. მამარდაშვილს საქმე არ აკლდა. მე-20 წუთზე ბელგიის ნაკრების ნახევარმცველს, ტორგან აზარს ახლოდან ძალიან სახიფათო დარტყმა აუღო და გუნდი გადაარჩინა. 37-ე წუთზე კი ინგლისის ნაკრების ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის თავურ დარტყმაზე სწორი პოზიცია შეარჩია და ბურთი დაამიწა.

შესვენებამდე „ვალენსიამ“ დაწინაურება მოახერხა. მე-40 წუთზე სამუ კასტილეხომ „ვალენსიას“ მაისურში პირველივე მატჩში შესანიშნავად ითამაშა მარჯვენა ფლანგზე, რომლის გადაცემითაც პირველი წინასასეზონო გოლი გონსალო გუდესმა გაიტანა და „ვალენსიამ“ ტაიმი 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში დორტმუნდელებმა წონასწორობა მალე აღადგინეს. 51-ე წუთზე „ვალენსიას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც „ბორუსიას“ კაპიტანმა მარკო როისმა გამოიყენა. თუმცა, ესპანელებმა მალე მეტოქის კარის ორჯერ აღება მოახერხეს და სოლიდური უპირატესობით დაწინაურდნენ – ჯერ თავი მარკოს ანდრემ (58) გამოიჩინა, ხოლო გონსალო გედეშმა (62) დუბლი შეასრულა.

ამის შემდეგ გატუზომ მამარდაშვილი დაასვენა – 63-ე წუთზე ესპანელთა იტალიელმა მწვრთნელმა გიორგის ნაცვლად მოედანზე ნიდერლანდელი მეკარე იესპერ სილესენი შეუშვა. შეხვედრა კი საბოლოოდ 3:1 მოიგო „ვალენსიამ“, რომელიც შემდეგ მატჩს 20 ივლისს შვეიცარიულ კლუბთან, „სენტ გალენთან“ გამართავს.