მამარდაშვილით კმაყოფილი ვარ, მაგრამ გიბრალტართან ლორია ითამაშებს - სანიოლმა გადაწყვეტილება მიიღო #1TVSPORT
მამარდაშვილით კმაყოფილი ვარ, მაგრამ გიბრალტართან ლორია ითამაშებს - სანიოლმა გადაწყვეტილება მიიღო #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს გიბრალტართან შეხვედრაში გამოცდილი გიორგი ლორია დაიცავს – ამ გადაწყვეტილების შესახებ ვილი სანიოლმა „ვიქტორია სთედიუმზე“ გიბრალტართან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არის თუ არა გიორგი მამარდაშვილი ნაკრების პირველი მეკარე?“ – სანიოლმა გადაწყვეტილება ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემის დროს გაამხილა.

„ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, ვის ერქმევა პირველი მეკარე, თუმცა მნიშვნელოვანია იცოდე, ვინ ითამაშებს მომდევნო დღეს. მნიშვნელოვანი არ არის იმაზე ფიქრი, თუ რა იქნება ორი ან ექვსი თვის შემდეგ. ეს ძალიან დიდი დროა ფეხბურთისთვის. ჩრდილოეთ მაკედონიასთან მამარდაშვილის თამაშით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, თუმცა ხვალ კარში გიორგი ლორია ჩადგება“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

„ჯვაროსნების“ მთავარი მწვრთნელის თქმით, გიორგი მამარდაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან პრინციპული შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, მაგრამ გამოცდილი ლორია ეროვნულ გუნდში თავისი დამსახურებით თამაშს იმსახურებს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველოს ნაკრებში ორი შესანიშნავი მეკარე გვყავს გიორგი მამარდაშვილისა და გიორგი ლორიას სახით. მამარდაშვილმა (ჩრდილოეთ მაკედონიასთან) ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ივნისში, ლორიამ ოთხიდან სამი მატჩი ჩაატარა და საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა“, – ამბობს ფრანგი სპეციალისტი.

გიბრალტარსა და საქართველოს შორის ერთა ლიგის C4 ჯგუფის შეხვედრა 26 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.