მამარდაშვილის „ვალენსია“ „სელტას“ დაუზავდა და სეზონი მეცხრე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
მამარდაშვილის „ვალენსია“ „სელტას“ დაუზავდა და სეზონი მეცხრე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ლა ლიგის ბოლო ტურში ვიგოს „სელტას“ დაუპირისპირდა და ქულები გაინაწილა – 2:2.

საქართველოს ნაკრების მეკარე „ვალენსიის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ესპანური კლუბის მაისურით საიუბილეო, მე-100 მატჩი ჩაატარა. ქართველის გუნდმა თამაში კარგად დაიწყო და ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა. ტიერი კორეიას შესანიშნავი დრიბლინგის და გადაცემის შემდეგ „სელტას“ მცველმა, კარლოს დომენგესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მეორე ტაიმში „სელტამ“ წონასწორობის აღდგენა იაგო ასპასის გამოყენებული პენალტით მოახერხა – 49-ე წუთზე. გიორგი მამარდაშვილმა დარტყმის მიმართულებაც გამოიცნო და ბურთსაც შეწვდა, მაგრამ დარტყმა ძლიერი იყო და „ვალენსია“ ვერ გადაარჩინა.

მალევე (მე-60 წუთზე) სტუმრები დაწინაურდნენ და მათაც ეს თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით შეძლეს – „სელტას“ ალბერტო მარიმ გაუტანა. თუმცა, მასპინძლებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და ანასტასიოს დუვიკასის ზუსტი გასროლით სამ წუთში წონასწორობა ისევ აღადგინეს.

საბოლოოდ, მეტოქეებმა ქულები გაინაწილეს – 2:2 და „ვალენსიამ“, რომელიც გასულ სეზონში გავარდნას ბოლო ტურში გადაურჩა, ლა ლიგის გათამაშება 49 ქულით მე-9 ადგილზე დაასრულა.