მამარდაშვილის გუნდის მტკივნეული მარცხი - ლევანდოვსკიმ „ვალენსიას“ ბოლო წამებზე გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT​

გიორგი მამარდაშვილს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდის ჩაბარება მოუხდა – ქართველი მეკარე „ვალენსიას“ შემადგენლობაში ვარსკვლავურ „ბარსელონას“ დაუპირისპირდა. შეხვედრის ბედი მატჩის მიწურულს რობერტ ლევანდოვსკიმ კატალონიელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა – 1:0.

ლა ლიგის მე-12 ტურის შეხვედრა „მესტალიაზე“ გაიმართა. მამარდაშვილი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და საქმე არ აკლდა. მე-3 წუთზე გიორგი გამოსვლისას შეცდა, მაგრამ „ვალენსიას“ მცველებმა საჯარიმოში ანსუ ფატის დარტყმის საშუალება არ მისცეს.

მამარდაშვილს პირველად სერიოზულად საქმეში ჩართვა მე-13 წუთზე მოუხდა, როდესაც ანსუ ფატი საჯარიმოში შევარდა და ქართველთან მარტო დარჩა, მაგრამ გიორგიმ საოცარი რეაქცია გამოავლინა და „ვალენსია“ აშკარა გოლისგან იხსნა.

ჯენარო გატუზოს მე-18 წუთზე სერიოზული პრობლემა შეექმნა, რადგან „ვალენსიას“ შეტევის ლიდერი ედინსონ კავანი დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. 21-ე წუთზე „ვალენსიას“ ქართველი მეკარე უკვე უსმან დემბელეს შეტევას გადაეფარა.

23-ე წუთზე ანსუ ფატიმ გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა – თამაშგარე დაფიქსირდა. მეორე ტაიმში გოლი უკვე „ვალენსიას“ არ ჩაუთვალეს. 50-ე წუთზე კატალონიურ გრანდს სამუელ ლინომ გაუტანა, მაგრამ ვიდეოგადამოწმებისას მის თანაგუნდელზე ხელით თამაში დაფიქსირდა.

მეორე ტაიმში „ბარსელონამ“ მაინც გაიტანა – 90+4-ე წუთზე რაფინიას წამოწყებული შეტევა საჯარიმოში ერთი შეხებით რობერტ ლევანდოვსკიმ დააგვირგვინა და „ბარსელონას“ გამარჯვება მოუტანა 1:0.

ლა ლიგაში გამართული 12 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 15 ქულით მე-10 ადგილზეა. „ბარსელონამ“ კი „რეალს“ გადაასწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა მადრიდელებს ამ ტურის მატჩი 30 ოქტომბერს ელით და გამარჯვების შემთხვევაში კატალონიელებს კვლავ 3 ქულით გაასწრებენ.