მამარდაშვილის გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა - „ვალენსია“ გატუზომ ჩაიბარა და ახალი მეკარის მიწვევა სურს #1TVSPORT
მამარდაშვილის გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა - „ვალენსია“ გატუზომ ჩაიბარა და ახალი მეკარის მიწვევა სურს #1TVSPORT

უკვე ოფიციალურად დადასტურდა – გუნდი ხოსე ბორდალასმა დატოვა და მას ჯენარო გატუზო გაწვრთნის.

იტალიის ნაკრებისა და „მილანისა“ ყოფილი ნახევარმცველი, „ნაპოლის“ ყოფილი მწვრთნელი, ვისგანაც მოდიოდა ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე დაინტერესება, ახლა მეორე ქართველის, მეკარე გიორგი მამარდაშვილის მწვრთნელი გახდება.

„ვალენსიას“ ცნობით, გატუზომ ესპანურ კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ახლა მთავარია, „ღამურების“ ახალი მწვრთნელის მისვლა როგორ აისახება მამარდაშვილის მდგომარეობაზე.

გიორგიმ დასრულებულ სეზონში იმდენი მოახერხა, მეოთხე მეკარეობიდან გუნდის პირველი ნომერი გახდა. ეს დიდწილად უკვე წასული მწვრთნელის, ბორდალასის ნდობის შედეგი იყო, რომელიც ახალგაზრდა ქართველს ძირითად შემადგენლობაში ადგილს უკვალავდა.

უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გატუზოს გუნდში კოლუმბიის ნაკრების 33 წლის მეკარის, დავიდ ოსპინას დამატება სურს, რომელიც „ნაპოლიში“ მისი მწვრთნელობისას უდავო პირველი მეკარე იყო.