მამარდაშვილი სტუმრად ქინქლაძესთან - ევრო 2024-ის ჯგუფში კარგად უნდა ვითამაშოთ, ერთა ლიგის ნახევარფინალზე მერე ვიფიქრებთ #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა, ცოტნე ქინქლაძემ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა გიორგი მამარდაშვილთან – საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიის“ მეკარემ ესპანეთსა და ნორვეგიასთან ევრო 2024-ის შესარჩევი ჯგუფის თამაშებთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, საკლუბო ამბებსა და საქართველოში ჩატარებულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა.
„რთული თამაშები გველის, ორივე ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ნაკრებში საბრძოლო განწყობაა და ვფიქრობ, ამ თამაშებს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.
ერთა ლიგიდან ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსებზე
შანსები დიდია, მაგრამ მანამდე ეს შესარჩევი ციკლია სათამაშო. წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა, ერთა ლიგის ნახევარფინალში თამაში არც დაგვჭირდეს. ჯერ შესარჩევ ჯგუფში უნდა ვითამაშოთ კარგად და ნახევარფინალზე მერე ვიფიქრებთ.
ნაკრებში პირველი გამოძახება და „ლოკომოტივი“
ნაკრებში გამოძახება ძალიან ემოციური იყო და ორმაგი მოტივაცია მქონდა, რადგან ეროვნულ გუნდში თამაში ყველას ოცნებაა. „ლოკომოტივი“ და ამ გუნდის მაშინდელი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი ძალიან დამეხმარნენ და ამ შანსისთვის მადლობას ვუხდი როგორც კლუბს, ასევე ჭიაბრიშვილს.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები რთულ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაფერი კარგად გამოგვივიდა – შევძელით და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავედით. ეს გულშემატკივრის დამსახურებაა, რადგან ყველა თამაშზე ბევრი ხალხი მოდიოდა და მხარს გვიჭერდა. ჩემი აზრით, წარმატების მიღწევა ისრაელთანაც შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა.
გულშემატკივრის ფაქტორი
როდესაც გულშემატკივრების ბედნიერ სახეებს ვხედავთ, ფეხბურთელებსაც მოტივაცია გვემატება, რომ უკეთესად ვითამაშოთ და უფრო მეტი გავაკეთოთ მათ გასახარებლად.
„ვალენსიის“ მიზნები
მგონია, რომ „ვალენსია“ ლა ლიგაში დასარჩენად იბრძოლებს. სეზონი ორი მოგებით დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ორი თამაში წავაგეთ. იმედია, თამაშებს ისევ მოვიგებთ და ჩემპიონატს კარგად ჩავატარებთ“.