მამარდაშვილი, სავარაუდოდ, ესპანეთის თასის ფინალშიც ითამაშებს - ძალიან მოწიფულია თავისი ასაკისთვის და იმ ფასისთვის, რაც „ვალენსიამ“ გადაიხადა #1TVSPORT
მამარდაშვილი, სავარაუდოდ, ესპანეთის თასის ფინალშიც ითამაშებს - ძალიან მოწიფულია თავისი ასაკისთვის და იმ ფასისთვის, რაც „ვალენსიამ“ გადაიხადა #1TVSPORT

ესპანური მედია ამტკიცებს, რომ 23 აპრილს, ესპანეთის თასის ფინალში „ბეტისთან“ „ვალენსიას“ კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს – გამოცემა vipdeportivo ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე საინტერესო წერილს აქვეყნებს.

მამარდაშვილი „ვალენსიას“ მთავარი მეკარე გახდა

„გიორგი მამარდაშვილმა დაიმსახურა მთავარი მეკარის პოზიცია „ვალენსიაში“, ასევე კოპა დელ რეის ფინალში თამაში. ჩვენ ვაანალიზებთ მიზეზებს, რის გამოც იასპერ სილესენისა და ხაუმე დომენეკის კონკურენტი ასე დაწინაურდა.

მძიმე შრომა ჩრდილში

ის ჩუმად ჩამოვიდა, როდესაც კონტრაქტი გააფორმა „ვალენსიის“ შვილობილ გუნდთან და გულშემატკივრებისთვის უცნობი მეკარე იყო. შეკრებაზე გუნდის მწვრთნელი ხოსე ბორდალასი გააკვირვა. მისთვის ადვილი არ იყო ეს არჩევანი, მით უფრო, რომ თავიდან ესპანეთის თასზე (კოპა დელ რეი) არც ათამაშებდა. თუმცა ქართველი მეკარე შრომას და სწავლას თავმდაბლად განაგრძობდა, ახლა ჯილდოც მოვიდა და შესაძლოა, თასის ფინალის სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.

სილესენის და დომენეკის დონე

ამ ორი ფაქტორის გარეშე მამარდაშვილის სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა ძალიან რთული იქნებოდა. სილესენმა კარგად ითამაშა, მაგრამ ტრავმისა და შემდგომი გართულებების გამო, ადგილი დაკარგა. დომენეკის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა, მან მეასე შანსი მიიღო და ამჯერად დონე საჭირო მინიმუმზე გაცილებით დაბალია. ცვლილება იძულებითი იყო და მწვრთნელმა ეს მომენტი დაიჭირა. ქართველი მეკარე „რაიო ვალეკანოსთან“ ლა ლიგის ბოლო მატჩამდე „ვალენსიას“ კარს უგოლოდ 560 წუთი იცავდა.

მეკარისთვის მნიშვნელოვანი თვისებები

მისი რეფლექსები შთამბეჭდავია, ისევე როგორც კარიდან გამოსვლები. მამარდაშვილი ბურთებს არა მხოლოდ ინსტინქტებით იღებს, არამედ თავდაჯერებულადაც ბლოკავს. ის თითქმის 2 მეტრი სიმაღლისაა, თავდამსხმელებთან ხშირად ახლოსაა და ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ ფეხით თამაშის გაუმჯობესება სჭირდება. გიორგი ძალიან მოწიფულია თავისი ასაკისთვის (21 წლისაა) და იმ ფასისთვის, რაც „ვალენსიამ“ გადაიხადა – ჯერ 200 000 ევრო იჯარაში, იანვარში კი ტრანსფერი 850 000-ად გამოისყიდა და შეიძლება ითქვას, რომ ეს შესანიშნავი ხელშეკრულებაა“.