მამარდაშვილი და „ვალენსია“ ფინალში დამარცხდნენ - „ბეტისმა“ ესპანეთის თასი პენალტების სერიით მოიგო #1TVSPORT
მამარდაშვილი და „ვალენსია“ ფინალში დამარცხდნენ - „ბეტისმა“ ესპანეთის თასი პენალტების სერიით მოიგო #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი და „ვალენსია“ ესპანეთის კოპა დელ რეის (ესპანეთის თასი) ფინალში სევილიაში „ბეტისს“ დაუპირისპირდნენ და საპატიო ტიტული დაძაბულ ბრძოლაში დათმეს.

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო. „ვალენსიამ“ შეხვედრა უიღბლოდ დაიწყო. უკვე მე-11 წუთზე „ბეტისმა“ მარჯვენა ფლანგზე შეტევა წამოიწყო, ჰექტორ ბელერინი საჯარიმომდე ჩავიდა და პენალტის ნიშნულთან ბორხა იგლესიასი მონახა, რომელმაც ანგარიში გახსნა 1:0. „ვალენსიამ“ წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინა. 30-ე წუთზე გუნდმა ძალიან სწრაფი და კარგი შეტევა განახორციელა, საჯარიმოში ბურთი უგო დურომ მიიღო და ანგარიში 1:1 გახადა.

მეორე ტაიმში პირველი რეალური საგოლე მომენტი 64-ე წუთზე „ბეტისმა“ შექმნა. ხუანმიმ „ვალენსიას“ კარის მარცხენა დაბალ კუთხეში სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილი გასაოცარი რეაქცია გამოავლინა და გუნდი აშკარა გოლისგან გადაარჩინა. 78-ე წუთზე ისევ ხუანმიმ შეუტია – „ბეტისის“ ფორვარდმა საჯარიმოს ხაზიდან გაისროლა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და „ვალენსია“ გადარჩა. ასევე მოხდა 83-ე წუთზე – ამჯერად ნაბილ ფეკირი დარჩა მამარდაშვილთან პირისპირ, მაგრამ ქართველმა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა, „ბეტისის“ შემტევს კუთხე დაუხურა და „ღამურები“ აშკარა გოლისგან კიდევ ერთხელ გადაარჩინა.

„ბეტისი“ უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი კიდევ შექმნა, მაგრამ მამარდაშვილი საიმედოდ იდგა. ასე მოხდა 90-ე წუთზეც, როდესაც ბორხა იგლესიასის შეტევაზე ბურთი ნახტომში მოიგერია. შანსი „ვალენსიასაც“ მიეცა, მაგრამ ორი შესანიშნავი მომენტით კარლოს სოლერმა ვერ ისარგებლა, ერთხელ კი კლაუდიო ბრავოს ვერ აჯობა.

გამარჯვებული ვერც ძირითად დროში გამოვლინდა და ვერც დამატებით ტაიმებში და დაინიშნა პენალტების სერია.

სამწუხაროდ, გიორგი მამარდაშვილმა პენალტის მოგერიება ვერ მოახერხა, მისი თანაგუნდელებიდან კი პენალტი მხოლოდ იუნუს მუსამ ვერ გამოიყენა (კარს ააცილა) და ესპანეთის თასს „ბეტისი“ თავის ისტორიაში მესამედ დაეუფლა და ევროსაგზურიც მოიპოვა.