მამარდაშვილი „ალავესთან“ საუკეთესოდ აღიარეს - გიორგის გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი აქვს #1TVSPORT
მამარდაშვილი „ალავესთან“ საუკეთესოდ აღიარეს - გიორგის გულშემატკივრების მხარდაჭერის იმედი აქვს #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილი „ალავესი“-„ვალენსიის“ (1:0) მატჩის გმირი გახდა – გიორგიმ კიკე გარსიას ორჯერ აუღო პენალტი (პირველი დარტყმის შემდეგ ვიდეორეფერიმ წესების დარღვევა დააფიქსირა და გარსიას დარტყმა გაამეორებინა) და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ანალიტიკური ვებგვერდების შეფასება სხვადასხვაგვარი გახლდათ. Flashscore.com-მა მამარდაშვილს 5,8 ქულა დაუწერა, Sofascore.com-მა – 6,6, ხოლო Whoscored.com-მა – 6,5. ლა ლიგის პარტნიორმა ტელეკომპანიამ კი, რომელიც შეხვედრის ტელერეპორტაჟს აჩვენებდა, გიორგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

მატჩის შემდეგ ქართველმა მეკარემ მედიასთან კომენტარი გააკეთა, თამაში შეაფასა და თქვა, რომ „ვალენსიას“ კონცენტრაცია დააკლდა.

„ვფიქრობ, „ალავესთან“ კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ძლიერი გუნდი ვართ, უნდა გავაგრძელოთ შრომა და ბრძოლა. ვიცოდით, რომ ძალიან რთული თამაში იქნებოდა, მატჩის მოსაგებად კონცენტრაცია დაგვაკლდა. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რომ უფრო ძლიერები დავბრუნდეთ.

თავი უნდა გავიმხნევოთ, რადგან წინ გრძელი სეზონია. ახლა სანაკრებო პაუზა იწყება და ორი კვირა გვაქვს ძალების აღსადგენად. ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერაც გვჭირდება“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ეს კომენტარი ესპანურ ენაზე გააკეთა.