მალტაში აქციის მონაწილეები პრემიერის გადადგომას ითხოვენ
მალტაში აქციის მონაწილეები პრემიერის გადადგომას ითხოვენ

მალტაში საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის, ჯოზეფ მუსკატის გადადგომას ითხოვენ. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის ოფისთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც რამდენიმე საათით ადრე მალტის შეიარაღებულმა ძალებმა ჟურნალისტ დაფნა კარუანა გალიციას მკვლელობასთან დაკავშირებით ცნობილი ბიზნესმენი, იორგენ ფენეხი დააკავეს. ბიზნესმენი მაშინ დააკავეს, როდესაც ის თავისი იახტით კუნძულოვანი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

პრემიერის ოფისთან შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ალყა შემოარტყეს იუსტიციის მინისტრის მანქანას, რომელიც ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა. დემონსტრაციაში მოკლული ჟურნალისტის დაც მონაწილეობდა.

ბიზნესმენის დაკავებამდე ერთი დღით ადრე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს ჟურნალისტის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის შეწყალების თხოვნით მიმართავდა, თუ ის მკვლელობის დამკვეთის ვინაობის დამადასტურებელ მასალას წარადგენდა. პრემიერს ფენეხის დაკავების მიზეზებზე არ უსაუბრია და უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მკვლელობის საქმესთან შესაძლოა, მის პოლიტიკურ პარტნიორებს ჰქონდეთ კავშირი.

კორუფციულ საქმეებზე მომუშავე მალტელი ჟურნალისტი დაფნა კარუანა გალიცია 2017 წლის 16 ოქტომბერს ვალეტაში, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. გარდაცვალებამდე რვა თვით ადრე ის წერდა ერთ-ერთ ოფშორულ კომპანიაზე, რომელთანაც სავარაუდოდ მალტელ პოლიტიკოსებს, მათ შორის პრემიერის ადმინისტრაციის უფროსს ჰქონდათ კავშირი. გამოცემა „თაიმს ოფ მალტამ“ და სააგენტო „როიტერმა“ ერთობლივი გამოძიების შედეგად, აღნიშნული კომპანიის მფლობელად სწორედ ბიზნესმენი იორგენ ფენეხი დაასახელეს.