„მალმეს“ მთავარი მწვრთნელი ჰენრიკ რიდსტრომი – ბურთი უნდა გავაკონტროლოთ, თუმცა ამაში „იბერიაც“ ძლიერია #1TVSPORT
„მალმეს“ მთავარი მწვრთნელი ჰენრიკ რიდსტრომი – ბურთი უნდა გავაკონტროლოთ, თუმცა ამაში „იბერიაც“ ძლიერია #1TVSPORT

თბილისის „იბერიასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩამდე „მალმეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰენრიკ რიდსტრომმა „მიხეილ მესხის“ სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრა.

„აეროპორტიდან სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე ავტობუსში ვსაუბრობდით და ვთქვი, რომ თბილისში მაღალი ტემპერატურაა. იგივე მოხდა გასულ ზაფხულსაც, როცა სალონიკში პაოკ-ს შევხვდით – ამან ბევრი კარგი მოგონება გამიცოცხლა.

ბოლო დროს ისეთი მატჩები გვქონდა, სადაც ვგრძნობდით, რომ სისწრაფე გვაკლდა. გვინდოდა მეტოქეების დამარცხება, მაგრამ ამას ვერ ვახერხებდით. ახლა გვყავს ემანუელ ეკონგი, რომელმაც ამ მხრივ საქმე გამოგვისწორა. ასევე გვყავს ტაჰა ალი, რომელიც საფრთხის შემქმნელია.

„იბერია“ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია – ბევრად უკეთესი, ვიდრე ბევრი ფიქრობს, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე. მართალია, ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდნენ, მაგრამ ევროთასებზე დიდი გამოცდილება აქვთ. საშინაო თამაშებში ძლიერად გამოიყურებიან, სტუმრად კი მეტი სირთულე ექმნებათ. ჩვენ დაცვაში საიმედოდ უნდა ვითამაშოთ.

შვედეთის ჩემპიონატში ცივსისხლიანობა გვახასიათებდა და ასე უნდა ვიყოთ ხვალაც. ვფიქრობთ, რომ ბურთს ჩვენ გავაკონტროლებთ, თუმცა ქართველებიც ამაში კარგები არიან. თუ ბურთს დავკარგავთ, მნიშვნელოვანია, რომ პოზიციურად კარგად ვიყოთ განლაგებულნი, რადგან „იბერია“ კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოა“, – განაცხადა რიდსტრომმა.

თბილისის „იბერიისა“ და შვედური „მალმეს“ შეხვედრა 8 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.