მალხაზ მიქელაძე - პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ფარული ვიდეოჩანაწერი ჩემთვის რაიმე ბრალდების დამადასტურებელი არ არის
მალხაზ მიქელაძე - პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ფარული ვიდეოჩანაწერი ჩემთვის რაიმე ბრალდების დამადასტურებელი არ არის

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ფარული ვიდეოჩანაწერი ჩემთვის რაიმე ბრალდების დამადასტურებელი არ არის, – ამის შესახებ პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა მალხაზ მიქელაძემ, რომელიც 2004-2005 წლებში საზღვრის დამდგენ კომისიას ხელმძღვანელობდა.

მიქელაძე საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად შევიდა.

შეკითხვაზე, იმოქმედა თუ არა 2006-2007 წელს სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიამ საქართველოს საზიანო პოზიციით, მიქელაძემ აღნიშნა, რომ „ბრალდების მხარეს მთლიანობაში გაკეთებული ჰქონდა ისეთი კომენტარები, რომ არასწორი აღქმა წარმოიშვა“.

რაც შეეხება გამოქვეყნებული ფარული ვიდეოჩანაწერის შინაარსს, მიქელაძემ ამ საკითხზე მედია ივერი მელაშვილთან გადაამისამართა.

ამასთან, მიქელაძის ადვოკატი ივანე ჩიტაშვილი არ ელოდება მალხაზ მიქელაძისთვის მოწმის სტატუსის ბრალდებულის სტატუსით შეცვლას.

„ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რა კითხვები აქვს საგამოძიებო ორგანოს. ჩვენ მზად ვართ, დასმულ კითხვებს ვუპასუხოთ. შეიძლება, გამოკითხვაზე დაბარება უკავშირდებოდეს ფარულ ვიდეოჩანაწერს; შეიძლება, სხვა კითხვებიც ქონდეთ. ამ ვიდეოჩანაწერით, მალხაზ მიქელაძის ბრალეულობა არ დასტურდება, მას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩადენილი არ აქვს. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ მას ბრალს წარუდგენენ, თუმცა დღეს როგორც გამომძიებელმა განმარტა, ის დაბარებულია მოწმის სახით“, – განაცხადა ივანე ჩიტაშვილმა.

მალხაზ მიქელაძე 2004-2005 წლებში საზღვრის დამდგენ კომისიას ხელმძღვანელობდა. ახლა კი, კომისიის მოქმედი წევრი და მოქმედი თავმჯდომარის, ლაშა დარსალიას მოადგილეა. მიქელაძე პირველად გასული წლის სექტემბერში, შემდეგ კი, დეკემბერში იყო დაბარებული პროკურატურაში. ის ფიგურირებს 20 თებერვალს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერში, სადაც მიქელაძე ბრალდებულ ივერი მელაშვილის კაბინეტში შედის და 2006-2007 წლებში აზერბაიჯანთან ​შეთანხმებულ და შეუთანხმებელ საზღვრის მონაკვეთებზე ესაუბრება.