მალხაზ მაჩალიკაშვილი - ახლა მომიწევს მეორე სტრუქტურას, შსს-ს ვებრძოლო
მალხაზ მაჩალიკაშვილი - ახლა მომიწევს მეორე სტრუქტურას, შსს-ს ვებრძოლო

მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ესწრებოდა, მისი ძმისშვილისთვის, მორის მაჩალიკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება ხმაურით გააპროტესტა.

„ჩვენ ციხე არ შეგვაშინებს, არც მე, არც ჩემს ორ ძმას არც მორისს. მე აქამდე ვებრძოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, იმის გამო, რომ მომიკლეს ერთადერთი ვაჟი და მოვითხოვდი, გაეცათ პასუხები, რატომ მომიკლეს შვილი. მე ეს არ ვიცოდი, თურმე მორის მაჩალიკაშვილისთვის დარეკილი ჰქონიათ, თუ ბიძაშენმა კარავი გაშალა, ჩვენ დაგიჭერთო.

ახლა მომიწევს მეორე სტრუქტურას ვებრძოლო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაბიჭვარ ნაძირალა გახარიას.

მე ამ ორივე სტრუქტურას შევებრძოლები, ვნახოთ, ვინ დამარცხდება და ვინ გაიმარჯვებს“, – განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

​მისი მეუღლე გადაწყვეტილების გამოცხადებისას შეუძლოდ გახდა და მას დახმარება მანდატურის სამსახურმა აღმოუჩინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს – მორის მაჩალიკაშვილს, ილია მემარნიშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძესა და გიორგი ქურდოვანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.