მალხაზ ასათიანი - საქართველოს ნაკრებში ამჟამად საუკეთესო თაობაა კობიაშვილის, კალაძისა და იაშვილის დროის შემდეგ #1TVSPORT
მალხაზ ასათიანი - საქართველოს ნაკრებში ამჟამად საუკეთესო თაობაა კობიაშვილის, კალაძისა და იაშვილის დროის შემდეგ #1TVSPORT

კარიერა, ამჟამინდელი საქმიანობა, საქართველოს ნაკრების პერსპექტივა და ხვიჩა კვარაცხელია, – ამ თემებზე მალხაზ ასათიანმა Match TV-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ახლა ფეხბურთისგან შორს ვარ და მეგობრებთან ერთად სამშენებლო ბიზნესით ვარ დაკავებული. რუსულ ფეხბურთს ნაკლებად ვადევნებ თვალს. „დინამოში“ ჩვენი მეგობარი ლუკა გაგნიძე თამაშობს, ისიც ჩემსავით ქუთაისელია. მის ოჯახს კარგად ვიცნობ, თავად ლუკა მახსოვს, როცა პატარა იყო. ჩვენ მას ვგულშემატკივრობთ.

კარიერის 29 წლის ასაკში დასრულება ტრავმის შედეგი იყო თუ სხვა მიზეზის? ამაზე საუბარიც კი მტკივნეულია. ამიტომ, უკომენტაროდ.

ხვიჩა საუკეთესო ქართველია, მაგრამ ნიჭით ანანიძე არ ჩამოუვარდებოდა. მან თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 50% გამოიყენა. საქართველოში „ნაპოლის“ ყველა თამაში დღესასწაულია, ყველა იკრიბება ტელევიზორთან, როცა ხვიჩა მოედანზეა. მას ყველა თაობა გულშემატკივრობს.

შეუძლია თუ არა კვარაცხელიას „ნაპოლიზე“ მაღალ დონეზე თამაში? მას ამისთვის ყველაფერი აქვს, რადგან იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე შემთხვევით ვერ გახდები. ხვიჩა მხოლოდ 22 წლისაა. მინდა, აღვნიშნო მისი პროფესიული თვისებები და დისციპლინა, რაც ასეთი მაღალი დონის შენარჩუნებაში ეს ეხმარება.

საქართველოს ნაკრებში ამჟამად საუკეთესო თაობაა ლევან კობიაშვილის, კახა კალაძის, ალექსანდრე იაშვილის დროიდან მოყოლებული. მათი უპირატესობა ისაა, რომ ახლა ყველა საკუთარ გუნდში თამაშობს და მათი ასაკი 22-23 წელია. დაცვაში გვყავს რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც უკვე კარიერას ამთავრებენ, მაგრამ მოდიან ახლები, მაგალითად, საზონოვი და აზაროვი. ამ თაობას დიდი იმედით ვუყურებ.

საზონოვი „ტორინოში“ გადავიდა, თუმცა ტრავმის გამო ცოტა არ გაუმართლა, ახალგაზრდაა და თავის სათქმელს მაინც იტყვის. სერია A-ში მოხვედრა სერიოზული წარმატებაა, ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული“, – ამბობს მალხაზ ასათიანი.