მალე დავიწყებთ - ლიონელ მესი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად არის #1TVSPORT
„ინტერ მაიამის“ მთავარი ვარსკვლავი ლიონელ მესი მზად არის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის. არგენტინელმა შესაბამისი პოსტი გამოაქვეყნა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე.
მესიმ „ინტერ მაიამის“ ბაზაზე გადაღებულ თავის ვიდეოს ერთი ფრაზა დაურთო: „მაიამი. ორი დღე და ვიწყებთ“, რითიც ხაზი გაუსვა იმას, რომ უკვე ელოდება ჩემპიონატის დაწყებას.
აღვნიშნავთ, რომ სწორედ „ინტერ მაიამი“ გახდება ტურნირის გახსნის მატჩის მონაწილე. MLS-ის კლუბი ეგვიპტური „ალ-აჰლის“ წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა მაიამიში 15 ივნისს „ჰარდ-როკ სტედიუმზე“ გაიმართება და თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება.
„ინტერ მაიამის“ მეტოქეები ჯგუფში ასევე ბრაზილიური „პალმეირასი“ და პორტუგალიური „პორტუ“ იქნებიან. იმ შემთხვევაში, თუ ფლორიდული კლუბი მერვედფინალში გავა, მისი მეტოქე შეიძლება გახდეს „პარი სენ-ჟერმენი“ ან „ატლეტიკო“.
