მალე აუცილებლად ვითამაშებთ მშობლიურ ქალაქში - „გაგრას“ დაარსებიდან 18 წელი გავიდა #1TVSPORT
მალე აუცილებლად ვითამაშებთ მშობლიურ ქალაქში - „გაგრას“ დაარსებიდან 18 წელი გავიდა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბის, „გაგრას“ პრეზიდენტმა ბესო ჩიხრაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამაოქვეყნა, სადაც გულშემატკივრებს კლუბის დაბადების დღე შეახსენა.

„დღეს საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ 18 წლის გახდა. ჩვენ, დონეცკის „შახტარის“, ლუგანსკის „ზორიას“ და სიმფეროპოლის „ტავრიას“ მსგავსად, მალე აუცილებლად ვითამაშებთ მშობლიურ ქალაქებში. საქართველო გაერთიანდება! დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას“, – წერს ბესიკ ჩიხრაძე.

საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ დაარსდა 2004 წელს თბილისში – დაარსების დღიდან პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძეა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი – გოდერძი ჩიხრაძე.

2003–04 წლებში გუნდი, რომელიც შემდეგ „გაგრას“ სახელით გამოვიდა, ჭაბუკთა ლიგაში „ლოკომოტივის“ სახელით ასპარეზობდა და 1985–86 წლებში დაბადებული ახალგაზრდებით იყო დაკომპლექტებული. სწორედ ამ წელს უეფა-მ პირველად ჩაატარა ჭაბუკთა ლიგა საქართველოში და კლუბმა გამოსვლა ჩემპიონობით დაასრულა.

საფეხბურთო კლუბ „გაგრის“ ჩამოყალიბების იდეა უკვე არსებობდა. იდეა ეკუთვნოდა უკრაინაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენ ბესო ჩიხრაძეს. 2004 წელს, ივლისში დღის წესრიგში დადგა კლუბის სახელწოდების საკითხი. გუნდს დაერქვა „გაგრა“, რადგან პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე წარმოშობით გაგრიდან იყო და მისი მიზანი იყო ევროთასებზე გასვლა, სადაც დაიწერებოდა – „გაგრა, აფხაზეთი, საქართველო“.

„გაგრამ“ ეს შეძლო. ეს ერთადერთი საფეხბურთო კლუბია, რომელიც ორჯერ გახდა საქართველოს თასის გამარჯვებული და ორივეჯერ ტიტული ეროვნული ლიგა 2-ში თამაშის დროს მოიპოვა. 2011 წლის სეზონი გუნდმა კარგად ჩაატარა, მოიგო პირველი ლიგა და გახდა საქართველოს თასის გამარჯვებული, დაამარცხა რა ფინალში ქუთაისის „ტორპედო“ (1–0 დამატებულ დროში).

2020 წლის სეზონში „გაგრა“ მეორედ დაეუფლა დავით ყიფიანის სახელობის თასს: 1/16 ფინალში 4:0 დაამარცხდა ფოთის „კოლხეთი-1913“, შემდეგ – 1:0 ბათუმის „დინამო“, მომდევნო ეტაპებზე კი პენალტების სერიაში სძლია გორის „დილას“ და „საბურთალოს“, ხოლო ფინალში ასევე პენალტების სერიაში – „სამგურალს“ (0–0, პენალტების სერია – 5:3).

„გაგრას“ დამფუძნებლის ჩანაფიქრი განხორციელდა – თასის გამარჯვებულმა გუნდმა საქართველო ევროთასებზე ორჯერ წარმოადგინა. 2011-12 წლების სეზონში ევროპა ლიგის გათამაშებაში მეტოქედ კვიპროსის „ანორთოსისი“ ერგო, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში 2-3 დამარცხდა – გასვლაზე 0:3 წააგო, შინ კი 2:0 დაამარცხა. 2020 წელს თასის მოგების შედეგად გუნდი კონფერენს ლიგის სადებიუტო სეზონში გამოვა.