„მაკლარენი“ ავსტრალიის გრან-პრიდან ჩაიხსნა - გუნდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი აღმოაჩნდა
ბრიტანული საჯინიბო „მაკლარენის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა. გუნდი უკვე ჩასულია ავსტრალიაში, სადაც კვირას სეზონის პირველი ეტაპი უნდა გაიმართოს, მაგრამ „მაკლარენმა“ გადაწყვიტა, რომ არ გავიდეს სტარტზე.
„გუნდის თანამშრომელმა ჩაიტარა გამოკვლევა და თვითიზოლაცია მოახდინა, როცა სიმპტომები გამოვლინდა. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
გუნდმა აცნობა ფორმულა 1-სა და ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას თავისი გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენ ვზრუნავთ არა მხოლოდ „მაკლარენზე“, არამედ მეტოქეებზე, გულშემატკივრებსა და ფორმულა 1-ის წარმომადგენლებზე“, – წერია „მაკლარენის“ განცხადებაში.
ავსტრალიის გრან-პრი 15 მარტს უნდა გაიმართოს, მაგრამ, ახლა ჩაშლის საფრთხე ემუქრება.