მაკგრეგორს ყველა ბრალდება მოუხსნეს (ვიდეო)

ფლორიდის პროკურატურამ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ვარსკვლავ კონორ მაკგრეგორს ყველა ბრალდება მოუხსნა.

შეგახსენებთ, რომ ირლანდიელ მებრძოლს იმ ინციდენტის გამო ასამართლებდნენ, რომელიც მიმდინარე წლის 11 მარტს ფლორიდის შტატში, მაიამი ბიჩის ერთ-ერთ სასტუმროსთან მოხდა: სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებულ კადრებში ნათლად ჩანს, როგორ გამოგლიჯა ხელიდან მაკგრეგორმა ერთ-ერთ პიროვნებას მობილური ტელეფონი, ძირს დააგდო და ფეხი რამდენჯერმე დაარტყა.

პოლიციის მოხსენების თანახმად, ხსენებული უცნობი პიროვნება მაკგრეგორს ფოტოს უღებდა, რაც ამ უკანასკნელის გაღიზიანების მიზეზი გახდა.

ირკვევა ასევე, რომ ტელეფონის ფასი 1 000 ამერიკული დოლარი იყო.

მიუხედავად ამისა, როგორც პროკურატურა აცხადებს, დაზარალებულმა შეერთებული შტატების ტერიტორია დატოვა და გამოძიებასთან აღარ თანამშრომლობს, რის გამოც მაკგრეგორის წინააღმდეგ ყველა ბრალდება მოიხსნა.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ირლანდიელმა დაზარალებულთან შეთანხმებას სასამართლოს გარეშე მიაღწია.

დატოვე კომენტარი