მაკგრეგორის მწვრთნელის თქმით, ირლანდიელი ზაფხულამდე კიდევ ერთ ბრძოლას ჩაატარებს (ვიდეო)

კონორ მაკგრეგორმა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ოქტაგონზე დაბრუნება დონალდ სერონესთან შთამბეჭდავი გამარჯვებით აღნიშნა. ირლანდიელმა მებრძოლმა „კოვბოი” 40 წამში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

კონორის გამარჯვების შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბრები მის შესაძლო მომდევნო მეტოქეზე. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა პრესკონფერენციაზე და არაერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირლანდიელის მომდევნო ბრძოლა მსუბუქ წონით დივიზიონში (lightweight) იქნება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით იმ შემთხვევაში თუ ტონი ფერგიუსონი ან ხაბიბ ნურმაგომედოვი ტრავმას მიიღებენ მოახლოვებული ბრძოლის წინ, ამ შემთხვევაში ტრავმირებულს სწორედ მაკგრეგორი ჩაანაცვლებს. ხოლო, თუ ხაბიბისა და ტონის ბრძოლა გაიმართება, ამ შემთხვევაში კონორისთვის სხვა ოპონენტის მოძებნა გახდება საჭირო.

მაკგრეგორის მთავარმა მწვრთნელმა ჯონ კავანამ არიელ ჰელვანის შოუში განაცხადა, რომ ის მომდევნო მეტოქედ ჯასტინ გეტჯის ისურვებდა. საინტერესოა, რომ კავანას კონორისა და გეტჯის დაპირისპირების ხილვა ნახევრად საშუალო (welterweight) წონაში სურს – „ჯასტინ გეტჯი 170-ში. ეს იქნებოდა ჩემი გადმოსახედიდან კონორისთვის იდეალური დაპირისპირება.”