მაკგრეგორის მწვრთნელი დონალდ სერონესთან შესაძლო ბრძოლას განიხილავს
მაკგრეგორის მწვრთნელი დონალდ სერონესთან შესაძლო ბრძოლას განიხილავს

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი, სავარაუდოდ ოქტაგონს 2020 წლის 18 იანვარს დაუბრუნდება. ჯერჯერობით არ სახელდება, ვინ იქნება ირლანდიელის მეტოქე, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი დონალდ სერონეა. იმ შემთხვევაში, თუ კონორი „კავბოის“ დაუპირისპირდება, ირლანდიელი ოქტაგონზე თავის ძველ მწვრთნელ ოუენ როდისთან ერთად გამოვა. ეს ინფორმაცია თავად სპეციალისტმა „ემეემეი ჯანქისთან“ (MMA Junkie) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მან ასევე ვრცლად ისაუბრა კონორ მაკგრეგორზე და მის მომავალ გეგმებზე.

„იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება „კავბოი“, გულშემატკივარი ძალიან სანახაობრივ ბრძოლას იხილავს. „კავბოი“ და კონორი ჩინებული მებრძოლები არიან და ფანებს ნამდვილ შოუს აჩუქებენ. ორივე მებრძოლი დამრტყმელია და აქედან გამომდინარე, საინტერესო სანახაობა იქნება. დონალდი ასევე ძალიან ძლიერია პარტერში ორთაბრძოლისას, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს დაპირისპირება მეტწილად „დარტყმითი ხასიათის“ იქნება.

რაც შეეხება კონორს, მინდა გითხრათ, რომ ის ბრწყინვალე ფორმაშია. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ოფიციალური თარიღი ცნობილი არ არის, კონორი მაინც გამუდმებით ემზადება და თუ რომელიღაც მის ახალ ფოტოს ნახავთ, მიხვდებით, რომ მართლაც საოცარ ფიზიკურ კონდიციაშია“.