მაკგრეგორის აზრით ხაბიბი ფერგიუსონის დამარცხებას შეძლებს
მაკგრეგორის აზრით ხაბიბი ფერგიუსონის დამარცხებას შეძლებს

კონორ მაკგრეგორმა რამდენიმე დღის წინ მოსკოვში პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ირლანდიელმა მებრძოლმა ოქტაგონზე დაბრუნება დაანონსა. როგორც თავად მაკგრეგორი აცხადებს, ის დაბრუნების შემდეგ პირველ ორთაბრძოლას 18 იანვარს ლას ვეგასის „ტი მობაელ” არენაზე გამართავს.

როგორც ცნობილია კონორს ძალიან სურს ნურმაგომედოვთან რემატჩის გამართვა, თუმცა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) პრეზიდენტი სხვაგვარად ფიქრობს. ვაიტის თქმით ამჟამად პრიორიტეტულად ხაბიბისა და ფერგიუსონის მომავალი დაპირისპირება ითვლება და ამ ბრძოლასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით აღნიშნული დაპირისპირება 2020 წლის დასაწყისში შედგება.

შეგახსნებთ, რომ ხაბიბისა და ტონის ბრძოლა აქამდე 4-ჯერ დაიგეგმა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო მისი ჩატარება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე კონორ მაკგრეგორმა ნურმაგომედოვისა და ფერგიუსონის ბრძოლასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებაც გამოთქვა.

„ეს ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება. მე ვთვლი, რომ ხაბიბი მას დაამარცხებს. რა თქმა უნდა, გამარჯვების შანსი ორივეს აქვს. ტონი ურთულესი მოწინააღმდეგეა, რომელსაც უამრავი პრობლემის შექმნა შეუძლია, თუმცა მიუხედხავად ამისა, მაინც მგონია, რომ ხაბიბი მოიგებს.” – აღნიშნა კონორმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.