მაკედონიის მთავრობა უნგრეთისგან ყოფილი პრემიერის გადაცემას ითხოვს
მაკედონიის მთავრობა უნგრეთისგან ყოფილი პრემიერის გადაცემას ითხოვს

მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის ელჩი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. სკოპიეს პროტესტი უნგრეთში მაკედონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კორუფციაში ბრალდებული ნიკოლა გრუევსკის ყოფნას უკავშირდება. მაკედონია ექსპრემიერის გადაცემას ითხოვს.

2018 წლის მაისში ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის ექსპრემიერს, გრუევსკის ნახევარი მილიონი ევროს ოდენობის ღირებულების მანქანის შეძენისას, თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

გასულ კვირას სასამართლომ გრუევსკის ბოლო აპელაცია არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მას სასჯელის ვადის მოხდა უნდა დაეწყო. თუმცა პოლიტიკოსმა ქვეყანა დატოვა და თავშესაფარი უნგრეთში მოითხოვა.

უნგრეთის მთავრობაში  აცხადებენ, რომ სამშობლოში გრუევსკის წარმოშობით უნგრელი ამერიკელი ფინანსისტის, ჯორჯ სოროსის გავლენით მოქმედი მემარცხენე მთავრობისგან საფრთხე ემუქრება. მანამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ სოროსს მაკედონიის დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა პირადად ეკისრება.

აღსანიშნავია, რომ გრუევსკის პარტია მაკედონიის სახელწოდების შეცვლის შესახებ საბერძნეთთან მიღწეული შეთანხმების წინააღმდეგია.

ნიკოლა გრუევსკი მაკედონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2016 წლებში იკავებდა, 2017 წლამდე კი, ნაციონალ-კონსერვატიულ პარტიას ხელმძღვანელობდა. ამჟამად ის მაკედონიის პარლამენტის დეპუტატის მანდატს ფლობს. სამშობლოში მის წინააღმდეგ კორუფციისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმის გამოძიება მიმდინარეობს.