მაკა ბოჭორიშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ირლანდიას ეწვევა
მაკა ბოჭორიშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ირლანდიას ეწვევა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 17-21 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ირლანდიის რესპუბლიკას ეწვევა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი ირლანდიის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საპატიო სტუმრის სტატუსით, სიტყვით გამოვა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ირლანდიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ხელაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები ირლანდიის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის თავმჯდომარეებთან, მარკ დეილისთან და შონ ო ფარელთან, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჩარლი ფლანაგანთან, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯო მაკჰიუსთან, საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, ევროპარლამენტის დეპუტატებთან ირლანდიიდან ფრანსის ფიცჯერალდთან და ბარი ენდრიუსთან, მეწარმეობის, ვაჭრობისა და დასაქმების სახელმწიფო მინისტრ რობერტ ტროისთან, ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროპის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორ მეივი კოლინსთან.

ქართველი პარლამენტარების შეხვედრები ასევე გაიმართება Enterprise Ireland-ის აღმასრულებელ დირექტორ ლეო ქლანსთან, საქართველო-ირლანდიის ბიზნეს საბჭოს წევრებთან, ტრინიტი კოლეჯში ევროპულ საქმეთა საერთაშორისო ინსტიტუტის (IIEA) წამყვან მკვლევრებთან.

პარლამენტში აცხადებენ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მიზანია საკანონმდებლო დონეზე საქართველოსა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაფართოება, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის უზრუნველყოფა ასევე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში ურთიერთობების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა.

დატოვე კომენტარი