მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ქვეყნებში არიან ძალები, რომლებიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას ერთგულად ლობირებენ, მადლობა მათ
მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ქვეყნებში არიან ძალები, რომლებიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას ერთგულად ლობირებენ, მადლობა მათ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არიან ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას და ამ კონტექსტში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას ერთგულად ლობირებენ.

„გასულ კვირაში ჩემი გერმანელი კოლეგის მოწვევით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის რამდენიმე წევრთან ერთად ვიმყოფებოდი ბერლინში, სადაც შევხვდი ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა და ევროპის საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს და წევრებს, კანცლერის ოფისის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, ასევე მონაწილეობა მივიღეთ ევროპის საქმეთა კომიტეტის შეხვედრაში, სპეციალური სტუმრის სტატუსით. პირველ რიგში, მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ბუნდესტაგის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ამ შესაძლებლობისთვის და გამოჩენილი ინტერესისთვის, რაც ამ ურთულეს და უმნიშვნელოვანეს მომენტში განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი მხრიდან.

მაშინ, როდესაც საქართველო ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია, რომელიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ სამ ასოცირებულ ქვეყანასთან მიმართებაში, ჩვენი მოლოდინების და საქართველოს წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების შესახებ ჩვენ პარტნიორებთან მჭიდრო დიალოგი არის ის, რაც დღეს შეგვიძლია ჩვენ ვაკეთოთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილის თქმით, გერმანიის პოლიტიკურ წრეებში აქტიურად მიდის მსჯელობა ასოცირებული პარტნიორებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის თაობაზე.

„ევროკავშირში არ არსებობს ერთგვაროვანი ჩამოყალიბებული პოზიცია იმ საკითხებზე, რაც საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას შეუქცევადს გახდიდა. სწორედ ამ პერიოდში საქართველოს პოზიციების მკაფიოდ დაფიქსირებით და ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის წარმოჩენით შეგვიძლია ჩვენი მხრიდან ხელი შევუწყოთ ჩვენთვის სასურველი პოზიციის ფორმირებას. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არიან ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას და ამ კონტექსტში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას ერთგულად ლობირებენ და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მათ“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.