მაისურზე საპროტესტო წარწერის გამო, ფიფა-მ ჯეიდონ სანჩოს ფოტო წაშალა
მაისურზე საპროტესტო წარწერის გამო, ფიფა-მ ჯეიდონ სანჩოს ფოტო წაშალა

ფიფა-ს პრესსამსახურმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე „გოლი+პასი“ სისტემის გათვალისწინებით ხუთი საუკეთესო ფეხბურთელის ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით ეს პოსტი წაშალა.

ამის მიზეზი ის გახდა, რომ ფოტოზე გამოსახულ დორტმუნდის „ბორუსიას“ ინგლისელ ფორვარდ ჯეიდონ სანჩოს მაისურზე ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციის მიერ მოკლული ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერი წარწერა ჰქონდა გაკეთებული.

ამ ინფორმაციას ბრიტანული „გარდიანის“ ჟურნალისტი ბარნი რონი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.

ირკვევა ასევე, რომ მოგვიანებით ფიფა-მ ხსენებული ინფორმაცია თავიდან გამოაქვეყნა და ჯეიდონ სანჩოს სხვა ფოტო გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს, მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში, აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი პოლიციელის უხეში ქმედებების შედეგად დაიღუპა, რამაც შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქებში მასობრივი გამოსვლები და არეულობები გამოიწვია.