მაისურაძე, სულამანიძე და ინანეიშვილი საქართველოს ჩემპიონები გახდნენ #1TVSPORT
მაისურაძე, სულამანიძე და ინანეიშვილი საქართველოს ჩემპიონები გახდნენ #1TVSPORT

თბილისში, ძიუდოს აკადემიის დარბაზში, ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოს ჩემპიონატზე ასპარეზობები სამ წონით კატეგორიაში გაიმართა. გამარჯვებულები და მედალოსნები 90, 100 და +100 კგ-ში გამოვლინდნენ.

90 კგ წონით კატეგორიაში შეჯიბრზე ძალიან კარგად გამოვიდა და ოქროს მედალიც დამსახურებულად მოიპოვა ლუკა მაისურაძემ. საქართველოს ჩემპიონატის ფინალში მან დამატებით დროში, ვაზარით გიორგი პაპუნაშვილი დაამარცხა. ამავე წონაში ტურნირზე ბრინჯაოს მედლის მფლობელები იმედა გოგოლაძე და უშანგი მარგიანი გახდნენ.

100კგ-ში ოქროს მედლისთვის ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები, ახალგაზრდა ილია სულამანიძე და ონისე სანებლიძე შეხვდნენ. ფინალური დაპირისპირების ძირითადი დრო უქულოდ დასრულდა, დამატებით დროში კი სულამანიძემ გაიმარჯვა. 100 კგ-ში მესამე ადგილებზე ომარ საური და გიორგი ბერიაშვილი გავიდნენ.

საქართველოს ჩემპიონატზე მძიმეწონოსნებში ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ბოლო პერიოდის საუკეთესო ორი ძიუდოისტი გელა ზაალიშვილი და საბა ინანეიშვილი უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ ზაალიშვილი ტრავმის გამო გათამაშებას ჩაეხსნა და საქართველოს ჩემპიონი ინანეიშვილი გახდა. +100 კგ-ში ბრინჯაოს მედლები ონისე ბუღაძემ და გიორგი ქავთარაძემ მოიპოვეს.