„მაინცის“ რეკორდი - უმცირესობაში მყოფმა გუნდმა ოთხი გოლი გაიტანა
„მაინცის“ რეკორდი - უმცირესობაში მყოფმა გუნდმა ოთხი გოლი გაიტანა

ბუნდესლიგის მე-12 ტურში „მაინცი“ „ჰოფენჰაიმს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 1:5.

ოთხბურთიანი უპირატესობა სტუმარი გუნდის ამპლუაში შესანიშნავი შედეგია, თუმცა ეს მატჩი უნიკალური სხვა კრიტერიუმით გახდა.

საქმე ისაა, რომ პირველი ტაიმის მიწურულს (45-ე წუთზე) „მაინცის“ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენეს, მოედნიდან გააძევეს და გუნდმა მეორე ტაიმი 10 ფეხბურთელით ითამაშა.

უმცირესობაში მყოფმა „მაინცმა“ მასპინძელ „ჰოფენჰაიმს“ ოთხი გოლი გაუტანა.

აღმოჩნდა, რომ „მაინცი“ XXI საუკუნეში ჯერჯერობით ერთადერთი კლუბია, რომელმაც სტუმრად და უმცირესობაში მყოფმა მასპინძელ გუნდს ოთხი ბურთი გაუტანა.

საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში „ჰოფენჰაიმი“ შესანიშნავად ასპარეზობდა და ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვით „მაინცზე“, რომელმაც ცოტა ხნის წინ „ლეპციგთან“ 0:8 წააგო.