მაიკონმა ბათუმის „დინამოსთან“ მატჩზე ილაპარაკა - ჩვენი მიზანია ისტორიული შედეგის გამეორება, როდესაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგიდან სომხეთის ჩემპიონი გამოაგდო #1TVSPORT
მაიკონმა ბათუმის „დინამოსთან“ მატჩზე ილაპარაკა - ჩვენი მიზანია ისტორიული შედეგის გამეორება, როდესაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგიდან სომხეთის ჩემპიონი გამოაგდო #1TVSPORT

უეფა-ს ახალ ტურნირზე, კონფერენს-ლიგაზე ბათუმის „დინამოსთან“ პირველი მატჩამდე, სან მარინოს „ტრე პენეს“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო ჩეჩიმ და მეკარე მატია მიგანმა პრესკონფერენცია გამართეს.

სტეფანო ჩეჩი: „არ ვმალავთ, რთული მატჩი გველოდება, რადგან მეტოქე თავისი ქვეყნის ჩემპიონატის ლიდერია და უკვე 21-ე ტურის მატჩი ჩაატარა. ჩვენ კი ვარჯიში ახლახან განვაახლეთ, მაგრამ ბიჭები ძალიან კარგად ვარჯიშობენ. ჩვენ უნდა შევძლოთ კარგი დაცვის ორგანიზება. ამ დავალებას თავს წარმატებით თუ გავართმევთ, მერე შეგვიძლია ვიფიქროთ, მოწინააღმდეგე გუნდს თავისტკივილი შეტევებითაც შევუქმნათ. იდეა ასეთია – ჩვენი სახე ვაჩვენოთ ისე, რომ ძალიან არ შევრცხვეთ“.

მატია მიგანი: „ჩვენ მზად ვართ საკუთარი თავი გამოვცადოთ ძალიან მომზადებული გუნდის წინააღმდეგ. უნდა ვეცადოთ, მაღალ დონეზე კონცენტრირებულები ვიყოთ. შევეცდებით, საკუთარი თამაში ვაჩვენოთ. რაც შეეხება მაიკონის დამატებას, მას შეუძლია თავი მოიწონოს იმით, რომ 2010 წელს „ინტერთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. მას უდიდესი გამოცდილება აქვს და ეს არის იარაღი, რითაც ხვალ მოედანზე თამაშის უკეთ მართვაში დაგვეხმარება“.

კლუბის ვებგვერდთან კომენტარში მაიკონმა ისტორიული გამარჯვების იმედი ახსენა:

„ჩვენი მიზანია იმ ისტორიული შედეგის გამეორება, რომელიც კლუბს 2013 წლის 9 ივლისს ჰქონდა. მაშინ გუნდმა ჩემპიონთა ლიგიდან სომხეთის ჩემპიონი, „შირაკი“ გამოაგდო. შრომისმოყვარეობით, წარმატების მიღწევისა და სიამოვნების მიღების სურვილით, ჩვენ დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია“.

ბათუმის „დინამო“ კონფერენს-ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სადებიუტო შეხვედრას 8 ივლისს სან-მარინოში,ტრე პენესთან“ გამართავს. მატჩი „სტადი ოლიმპიკოზე“ თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. განმეორებით შეხვედრას 15 ივლისს ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს.