მაიკლ ჯორდანმა თანამედროვე კალათბურთელები გააკრიტიკა #1TVSPORT
მაიკლ ჯორდანმა თანამედროვე კალათბურთელები გააკრიტიკა #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ექვგზის ჩემპიონმა, მაიკლ ჯორდანმა კომენტარი გაუკეთა ლიგაში დამკვიდრებულ თანამედროვე პრაქტიკას, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევენ პროფილაქტიკისთვის, განსაკუთრებით ტრავმების ან გადატვირთული გრაფიკის შემდეგ. ჯორდანმა ასევე ილაპარაკა ამ მიმართულებით თავის გამოცდილებაზე და თითოეულ შეხვედრაში მოედანზე გასვლის საკუთარ მოტივაციაზე.

„იდეალურ მდგომარეობაში ეს საერთოდ არ არის საჭირო. არასოდეს მინდოდა თამაშების გამოტოვება: თითოეული მატჩი – ეს არის რაღაცის დამტკიცების შანსი. მინდოდა, აღფრთოვანებაში მომეყვანა ყველაზე ზემო იარუსზე მჯდომი ბიჭი, რომელმაც ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ ბილეთი ეყიდა. შესაძლოა, ის მიყვირის და მლანძღავს – და მე მინდა მას ხმა ჩავაგდებინო. თუ ადამიანები მოვიდნენ შენი, როგორც არტისტის სანახავად, შენი ვალია, გამოხვიდე და ისინი გაართო.

თუ ფიზიკურად არ შემიძლია, გამოდის, რომ არ შემიძლია. თუმცა თუ შემიძლია, მაგრამ არ მაქვს სურვილი, ეს სხვა ამბავია. მე მინდა თამაში, მოგება, თამაშზე გავლენა. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ თუ მოედანზე გასვლა შემეძლო, არ მქონდა უფლება, არ გავძღოლოდი წინ გუნდს. მაშინაც კი, როცა თითქმის არ შემეძლო – „იუტა“, მეხუთე მატჩი, გადამწყვეტი. მე მაინც გადავწყვიტე: ვიპოვნი დახმარების ხერხს, ვიქნები თუნდაც სატყუარა. ხოლო როცა მოედანზე გადიხარ, ემოციები, მომენტი, ვალდებულება – ეს ყველაფერი გიბიძგებს ყველაფერი გამოწოვო საკუთარი თავიდან.

ჩვენ ვთამაშობთ დღეში ორ-სამ საათს – ეს ჩვენი სამუშაოა, ამის გამო ფულს გვიხდიან. და რა ხდება დანარჩენ 21 საათთან დაკავშირებით? ის უნდა დახარჯო მომდევნო მატჩისთვის, მომდევნო გამოწვევისთვის მოსამზადებლად. არ ვამბობ, რომ მათ ჩემზე უნდა ჰქონდეთ სწორება, მაგრამ ღირს დაფიქრება, სინამდვილეში რას ნიშნავს ეს „ძალების დაზოგვის მეთოდი““, – თქვა ჯორდანმა ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ სპეციალურ ინტერვიუში.