მაიკ ტაისონმა ჯონ ჯონსთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა
მაიკ ტაისონმა ჯონ ჯონსთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა

ლეგენდარულმა მოკრივე მაიკ ტაისონმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) მებრძოლების ხელფასებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, ბოლო დროის განმავლობაში ჰონორარებთან დაკავშირებით პრეტენზიები ლიგის არაერთმა მებრძოლმა გამოთქვა, მათ შორის ჯონ ჯონსმა და ხორხე მასვიდალმა. ორივე მებრძოლმა ორგანიზაციიდან წასვლა დაანონსა.

როგორც ცნობილია, ჯონსმა მძიმე წონით დივიზიონში გადასვლისა და ფრენსის ნგანუსთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა, თუმცა ორგანიზაციასთან ჰონორარზე ვერ მოილაპარაკა. დანა ვაიტის განცხადებით ჯონსი დეონტე ვაელდერის ჰონორარს, ანუ დაახლოებით $30 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვდა. აღნიშნულ თემასთან და ჯონ ჯონსთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება ლეგენდარულმა მოკრივემ, მაიკ ტაისონმა გამოთქვა.

„მისმინეთ, ხომ თვლით, რომ UFC უფრო პოპულარულია ვიდრე კრივი, თუმცა მე გეტყვით ერთ რამეს, UFC-ის მებრძოლი ვერასდროს მიიღებს მოკრივეზე დიდ ჰონორარს. იმისათვის, რომ $100 მილიონი მიეღო, კონორ მაკგრეგორს ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლა მოუწია. ჯონ ჯონსს ჩემთან ბრძოლა მოუწევს თუ სურს, რომ სუპერ ჰონორარი გამოიმუშავოს.” – განაცხადა ტაისონმა ЕSSENTIALLYSPORTS-თან მიცემულ ინტერვიუში.