მაიკ ტაისონისა და როი ჯონსის ბრძოლა გადატანილია
მაიკ ტაისონისა და როი ჯონსის ბრძოლა გადატანილია

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონის მაიკ ტაისონისა და ოთხ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონის როი ჯონსის ბრძოლა 2020 წლის 28 ნოემბრისთვის არის გადატანილი, – ამის შესახებ ავტორიტეტულმა გამოცემა The Ring-მა დაწერა.

თავდაპირველად, რვარაუნდიანი საჩვენებელი ორთაბრძოლა ჯონსსა და ტაისონს შორის 12 სექტემბერს უნდა გამართულიყო. წყაროს ცნობით, ტაისონის წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ ბრძოლის თარიღის შეცვლამ, შესაძლოა, დამატებითი ფინანსური მოგება მოიტანოს. ამ აზრს დაეთანხმა ჯონსი და მისი გუნდი და სწორედ ეს გახდა გადატანის მიზეზი.

ბრძოლის ჩატარების ადგილი უცვლელი დარჩა – ლოს ანჯელესში „დიგნიტი ჰელტ სპორტს პარკის” არენა.

54 წლის ტაისონი რინგზე 2005 წლის შემდეგ არ ყოფილა. მას კარიერაში 58 ბრძოლა ჰქონდა, რომელთაგანაც 50 მოიგო, აქედან 44 ნოკაუტით.

51 წლის ჯონსმა კარიერა 2018 წელს დაასრულა. მის ანგარიშზე 66 მოგება (47 ნოკაუტით) და ცხრა წაგებაა.

გია თვალაბეიშვილი