მაიკ პომპეოსა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გადაიდო
მაიკ პომპეოსა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გადაიდო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გადაიდო. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

როგორც ჰიზერ ნაუერტმა აღნიშნა, ვაშინგტონი და ფხენიანი კონტაქტს ძველებურად განაგრძობენ. დიპლომატიური უწყების ცნობით, შეხვედრა მაშინ გაიმართება, როდესაც მხარეები შესაბამის დროს შეათანხმებენ.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი სინგაპურის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესრულებს ძველებურად ეცდება.

ამერიკის შეერთებული შტატების პირველ დიპლომატსა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 8 ნოემბერს ნიუ იორკში უნდა გამართულიყო.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ერთმანეთს ივნისში სინგაპურში შეხვდნენ. ისტორიული სამიტის დროს დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომელიც კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას ითვალისწინებს. მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ დენუკლეარიზაციის პროცესის დასრულება ერთი წლის ვადაში არის შესაძლებელი. აღნიშნული საკითხის განსახილველად აშშ-ის პირველი დიპლომატი ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსნებს რამოდენიმეჯერ უკვე შეხვდა.

დატოვე კომენტარი