მაიკ პომპეომ მევლუთ ჩავუშოღლუსთან საუბრისას თურქეთის მიერ „ეს-400“-ების შეძენის გამო იმედგაცრუება გამოხატა
მაიკ პომპეომ მევლუთ ჩავუშოღლუსთან საუბრისას თურქეთის მიერ „ეს-400“-ების შეძენის გამო იმედგაცრუება გამოხატა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თურქ კოლეგასთან საუბარისას მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ აშშ იმედგაცრუებულია ანკარას მიერ რუსეთისგან „ეს-400“-ის ტიპის სარაკეტო სისტემების შეძენის გამო.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ერაყის ქალაქ ერბილში 17 ივლისს მომხდარი თავდასხმის შედეგად თურქი დიპლომატის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა.

მაიკ პომპეომ ასევე დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, დაეხმაროს თურქეთს სირიასთან საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, თუმცა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ადგილობრივი პარტნიორების უსაფრთხოების დაცვას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, თურქეთის ხელისუფლება უკმაყოფილოა აშშ-ის მთავრობის სირიელ ქურთებთან თანამშრომლობით, რადგან მათ ტერორისტებად მიიჩნევს.