მაიკ პომპეო - ყირიმი უკრაინაა, რუსეთი ეყრდნობა სიცრუესა და დეზინფორმაციას თავის წარუმატებელ მცდელობაში, დააკანონოს უკანონობა
მაიკ პომპეო - ყირიმი უკრაინაა, რუსეთი ეყრდნობა სიცრუესა და დეზინფორმაციას თავის წარუმატებელ მცდელობაში, დააკანონოს უკანონობა

რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის ექვსი წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყირიმი უკრაინაა.

პომპეოს თქმით, აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის სუვერენიტეტს ყირიმის ნახევარკუნძულზე.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ყირიმის ოკუპაცია. რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია და ნახევარკუნძულის მზარდი მილიტარიზაცია ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს. სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაში არსებული კრიტიკოსების უხეშად დადუმებითა და რელიგიური თავისუფლების შეზღუდვით, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება განაგრძობს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე თავდასხმას“, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

მაიკ პომპეო ყირიმელი თათრების უფლებების უხეშ დარღვევასა და დევნაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ დაპატიმრებულია 80 პირი ყირიმიდან, მათ შორის ყირიმელი თათრები, რომელთა ნაწილი წამების მსხვერპლია.

„ექვსი წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ ეყრდნობა სიცრუესა და დეზინფორმაციას თავის წარუმატებელ მცდელობაში, დააკანონოს უკანონობა. მისი ძალისხმევა განწირულია წარუმატებლობისთვის. მსოფლიო არასდროს დაივიწყებს რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებულ ინტერვენციას. აშშ გმობს რუსეთის უკანონო ქმედებებს ყირიმში და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების გაგრძელებას, მათ შორის დონბასში. ჩვენ შევინარჩუნებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ყირიმზე კონტროლის უკრაინისთვის დაბრუნებამდე და მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი მისი ვალდებულებების სრულ შესრულებამდე“, – ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში.