მაიკ პომპეო თურქეთის პრეზიდენტთან შესახვედრად ანკარაში ჩავიდა
მაიკ პომპეო თურქეთის პრეზიდენტთან შესახვედრად ანკარაში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ერ-რიადში ვიზიტის შემდეგ,  ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ჩავიდა. შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი გაუჩინარებული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის საქმეა. ერდოღანის შემდეგ მაიკ პომპეოსთან შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც.

სამშაბათს მაიკ პომპეო საუდის არაბეთში ტახტის მემკვიდრეს შეხვდა. მაიკ პომპეოს თქმით, მას ახლო აღმოსავლეთის სამეფოს პრინცთან პირდაპირი და გულახდილი საუბარი ჰქონდა.

„საუბრის დროს ხაზი გავუსვი დეტალური და ოპერატიული გამოძიების აუცილებლობას. საუდის არაბეთი კი, ამას აუცილებლად შეასრულებს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს საუდის არაბეთის პრინცმა სტამბოლის საკონსულოში ჟურნალისტის გაუჩინარებაზე პასუხისმგებლობა უარყო.

ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ვიზიტის შემდეგ, 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. ოფიციალურმა ანკარამ  ერ-რიადი ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში დაადანაშაულა. თურქეთში განაცხადეს, რომ შესაბამისი მტკიცებულებები გააჩნიათ.