მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ ირანთან 1955 წლის შეთანხმებას აუქმებს
მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ ირანთან  1955 წლის შეთანხმებას აუქმებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ ირანთან მეგობრობის, ეკონომიკური ურთიერთობებისა და საკონსულო უფლებების შესახებ 1955 წლის შეთანხმებას აუქმებს. ამის შესახებ პომპეომ მას შემდეგ განაცხადა, რაც გაერო-ს საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ის სანქციები ირანის ჰუმანიტარულ დახმარებასა და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებაზე არ უნდა აისახოს.

ამგვარად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ხელახლა დაწესებული სანქციები უნდა შეამსუბუქოს. მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ სანქციებმა არ უნდა დააზარალოს ირანში ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის განკუთვნილი საქონლის ექსპორტი, მათ შორის მედიკამენტების, სამედიცინო აღჭურვილობის, საკვებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ასევე სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი პროდუქტებისა და მომსახურეობის ექსპორტი.

თეირანი სარჩელში ამტკიცებდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მაისის შემდეგ დაწესებული სანქციები არღვევდა ორ ქვეყანას შორის მეგობრობის შესახებ 1955 წლის შეთანხმების პირობებს.

თავის მხრივ, აშშ-ში აცხადებენ, რომ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს აღნიშნულ საკითხში იურისდიქცია არ გააჩნია, რადგან საქმე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება.

გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა, თუმცა სასამართლოს არ გააჩნია მათი აღსრულების ძალაუფლება. წინა შემთხვევების დროს როგორც აშშ-მა, ისე ირანმა ერთმანეთთან დავაში სასამართლოს გადაწყვეტილებები უგულებელყვეს.

აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც ირანული ნავთობის ექსპორტის შემცირებისკენ არის მიმართული, 4 ნოემბერს უნდა ამოქმედდეს.