მაიკ პენსი - ჩინეთი აშშ-ის შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს
მაიკ პენსი - ჩინეთი აშშ-ის შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს

ჩინეთი ამერიკის შეერთებული შტატების შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს. ამის შესახებ მაიკ პენსმა ჰადსონის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ქმედებისთვის ჩინეთი ერთდროულად რამდენიმე ხერხს მიმართავს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში გავლენის გაძლიერებისთვის ჩინეთი პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო ინსტრუმენტებს მიმართავს. ასევე იყენებს პროპაგანდას“, – განაცხადა მაიკ პენსმა ჰადსონის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის დროს.

ამასთან ერთად, ვიცე-პრეზიდენტმა დასძინა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებასა და შიდა კურსზე გავლენის მოხდენას ჩინეთი ახლა ყველაზე მეტად ცდილობს. მაიკ პენსმა ოფიციალური პეკინის აქტივობა მომდევნო თვეში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ არჩევნებს დაუკავშირა.

მსგავსი ტიპის ბრალდებები ვაშინგტონში აქამდეც ისმოდა. ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ჩინეთის მხრიდან შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა დაუშვებელ ზღვარს გასცდა.