მაია სანდუ – მოლდოვის საჰაერო სივრცეში ზოგი დრონი შემთხვევით, ზოგი კი მიზანმიმართულად ხვდება
მოლდოვის საჰაერო სივრცეში ზოგი დრონი შემთხვევით, ზოგი კი მიზანმიმართულად ხვდება, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ Teleradio Moldova-ს ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ორივე შემთხვევაში დრონები საჰაერო სივრცეს არღვევენ და ადამიანებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
„ვფიქრობ, ზოგი მათგანი შემთხვევით ხვდება, ზოგი კი მიზანმიმართულად იგზავნება, და არამხოლოდ ჩვენი, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეშიც. მსგავსი შემთხვევები ვნახეთ რუმინეთსა და პოლონეთშიც. დრონების ფრენის ტრაექტორიის მიხედვით შესაძლებელია იმის თქმა, რომელი მათგანია მიზანმიმართულად გაგზავნილი და რომელი აღმოჩნდა იქ შემთხვევით“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
სანდუს განცხადებით, ამ მოვლენებზე პასუხისმგებელი ერთადერთი მხარე რუსეთის ფედერაციაა, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება გაკეთდეს, რათა ეს დრონები შეჩერდეს, როგორც მოლდოვის რესპუბლიკაში, ისე უკრაინაში და ყველგან, არის უკრაინის დახმარება და იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინამ ამ ომში გაიმარჯვოს“, – განაცხადა სანდუმ.