მაია ნადირაძე - მიწოლა და ლელოს დადება მიყვარს, შესაბამისად, სამქულიან ჯარიმებზე ორიენტირებულ ტაქტიკაში ჩემი ადგილი ვერ ვნახე
მაია ნადირაძე - მიწოლა და ლელოს დადება მიყვარს, შესაბამისად, სამქულიან ჯარიმებზე ორიენტირებულ ტაქტიკაში ჩემი ადგილი ვერ ვნახე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, მაია ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიტიკაში არ ბრუნდება. მაია ნადირაძე „ფეისბუქში“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას სტუმრის რანგში დაესწრო.

„ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე და ჩემი მთავარი შთაბეჭდილება ასეთია – „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ისეთი პარტიაა, როგორსაც „ფართო საზოგადოება“ მისგან ითხოვდა: მოკრძალებული, მოზომილი, მომთმენი და ასე შემდეგ. მოკლედ, „ზომიერ-წონიერ-გონიერი“. ერთადერთი, მგონი, რამაც ცოტათი ააფორიაქა ქოცები და მათთან გათანაბრებული „არც ეს მინდა და არც ის“ და „კი გაკეთდა მაგრამ“-თა კოჰორტა, ჩემი იქ გამოჩენა იყო, სტუმრის სტატუსით.

კარგა ხანია, აღარ დავდივარ საჯარო ღონისძიებებზე, ასეთი ფორმალური მიწვევებითაც კი. ახლა წავედი – მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა, რომელიმე ჯოჯო ბანაკში გადაბარგებული არავის ვგონებოდი. თან მეგონა, რომ იმ ჯოჯოებს აღარ ვახსოვდი. მაგრამ არა, არ დააყოვნეს და ამოაფრქვიეს საკუთარი უბადრუკობის დამადასტურებელი სიბრძნეები. ხოდა, ჩემო ჯოჯოებო, რახან თქვენ ასე კარგად გახსოვართ და განერვიულებთ, ეს კიდევ ერთხელ მიდასტურებს, რომ როცა პოლიტიკაში ვიყავი, ბევრი კარგი გამიკეთებია. რაც მთავარია, არათუ არასდროს არაფერი გამიკეთებია, არც კი მითქვამს რამე იმისთვის, რომ თქვენ მოგწონებოდით. და თქვენი შურნარევი ზიზღი ჩემთვის პატივია.

პოლიტიკაში ვიყავი 2008 წლამდე და ეს იყო საუკეთესო პერიოდი ამ ქვეყნის ისტორიაში. ყველა ფუნდამენტური კარგი კანონი იმ უმრავლესობამ მიიღო, სადაც მე ვიყავი.

და რაც შეეხება წასვლას. არავის გავუგდივარ და არ გადავუმალივარ. წასვლას ბევრი სუბიექტური მიზეზი ჰქონდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მაგ პერიოდში უკვე იგეგმებოდა „ზომიერ-წონიერ-შემოვირიგოთ“ პოლიტიკა, მე კი, როგორც რაგბის დიდ მოყვარულს, მიწოლა და ლელოს დადება მიყვარს. შესაბამისად, სამქულიან ჯარიმებზე ორიენტირებულ ტაქტიკაში ჩემი ადგილი ვერ ვნახე. მაგ ჯარიმების შესასრულებლად იქ გადასარევი ხალხი დარჩა. და მაგ ხალხმა ჯარიმების მოსაპოვებლად იმდენი იღვაწა, საკუთარი გუნდი საკაიფოდ დაშალა.

და ბოლოს – პოლიტიკაში არ ვბრუნდები. მაშინ მიწოლით და განუწყვეტლივ ლელოს დადებებით ძლივს ამოვძვერით აყროლებული ჩეჩმიდან, ახლა კი, ჯარიმებსაც ვიღა ჩივის, მარტო აუტების იმედად ვართ. ასე რომ, ჩემი ადგილი მოედანზე არ არის. ესეც რო არ იყოს, ხომ ყველამ ვიცით – ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. წავალ მარტო ომში, თუ ასეთი იქნება“, – წერს მაია ნადირაძე სოციალურ ქსელში.