მაია ფანჯიკიძე - 1981 წლის 13 მაისს იენის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ქართველი სტუდენტები თამაშის შემდეგ ქუჩაში გამოვცვივდით და ვყვიროდით #1TVSPORT
მაია ფანჯიკიძე - 1981 წლის 13 მაისს იენის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ქართველი სტუდენტები თამაშის შემდეგ ქუჩაში გამოვცვივდით და ვყვიროდით #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარი მაია ფანჯიკიძე საზოგადოებისთვის უჩვეულო ამპლუაში წარსდგა. საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა 1981 წლის 13 მაისის ამბავი გაიხსენა, როდესაც სტუდენტი იყო და სწავლობდა აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ იენაში, რომლის გუნდი „კარლ ცაისიც“ თბილისის „დინამომ“ ფინალში 2:1 დაამარცხა.

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარი ვიქნებოდი. ცოტა მერიდება ფეხბურთზე საუბარი, მაგრამ ორი მიზეზი მაქვს, რის გამოც თქვენთან სიამოვნებით ვარ. ერთ-ერთი მიზეზი მამაჩემის, გურამ ფანჯიკიძის წიგნია – „ოქროს გუნდი და სხვა“. ეს არის მისი ფეხბურთზე დაწერილი წიგნების კრებული და, რა თქმა უნდა, მასში შედის „დინამო! დინამო! დინამო!“, რომელიც 1981 წლის 13 მაისის შემდეგ დაწერა.

მამას წელს 90 წელი შეუსრულდებოდა და  გამომცემლობა „ინტელექტმა“ ეს წიგნი ამ თარიღთან დაკავშირებით გამოსცა. გადაცემაში მოსვლის ერთი მიზეზი ეს არის. მეორე კი ის, რომ 1981 წლის 13 მაისს მე ვსწავლობდი იენის უნივერსიტეტში. მამა ამაზე წერს კიდეც წიგნში „დინამო! დინამო! დინამო!“ როდესაც ჩამოდიოდა იენაში, ცდილობდა, რომ ფეხბურთის მატჩს დასწრებოდა.

ფეხბურთზე პირველად დათო კაკაბაძის წყალობით მოვხდი, რომელიც მაშინ იენაში სწავლობდა. „ერნსტ აბე“ ერქვა იენის სტადიონს, სადაც ფეხზე ვიდექით, დასაჯდომი ადგილები არ იყო და ეს ძალიან გამიკვირდა. მაშინ იენაში შვიდი ქართველი სტუდენტი ვსწავლობდით და „კარლ ცაისის“ სტადიონზე ერთად დავდიოდით.

13 მაისის ფინალს გერმანელ სტუდენტებთან ერთად ვუყურებდით და მეორე ტაიმში „კარლ ცაისმა“ პირველი გოლი რომ გაიტანა, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა, შემდეგ ვითარება შეიცვალა. მატჩი რომ დასრულდა,  შვიდივე ქართველი სტუდენტი 13 მაისის ღამეს იენას ქუჩაში გამოვცვივდით და ვყვიროდით. ეს სტუდენტობის ოთხწლიანი პერიოდის ყველაზე დასამახსოვრებელი დღე იყო.

სწავლის დროს ჩემს ჯგუფში საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქიდან 12 სტუდენტი ვიყავით – ათი გოგო და ორი ბიჭი. ჩვენმა გერმანელმა ლექტორმა გამარჯვება იმ ორ ბიჭს მიულოცა, რომლებიც ქართველები არ იყვნენ. არადა, ჯგუფში სამი ქართველი გოგო ვიყავით, წამოვხტით და გავაპროტესტეთ, მაგათ კი არა, ჩვენ უნდა გვილოცავდეთ-თქო.

მაშინდელი ვითარება ხომ გახსოვთ, საბჭოთა კავშირმა მოიგო და გოგონები რა შუაში ხართ, ბიჭებს ვულოცავთო. მახსოვს, შემდეგ ეს ჩვენი პროტესტი უნივერსიტეტში სალაპარაკო გახდა და ლოკალურ შოვინიზმსა და ლოკალურ პატრიოტიზმში დაგვდეს ბრალი. ამის გამო საყვედურიც მივიღეთ“, – გაიხსენა მაია ფანჯიკიძემ.

42 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში თბილისის „დინამო“ იენის „კარლ ცაისს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. ეს დღემდე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი ევროპული ტიტულია.